კულტურული შოკი


ამერიკაში წასვლამდე ყველა მაფრთხილებდა, რომ იქ კულტურული შოკი მექნებოდა: იოლად ვერ შევეგუებოდი განსხვავებულ ცხოვრების წესს, ღირებულებებს; მომენატრებოდა ოჯახი და მეგობრები; ვერ გავუძლებდი დაძაბულ გრაფიკს და ა.შ. უნდა გითხრათ, რომ ამ ყველაფერს მშვენივრად გავართვი თავი, შეერთებულ შტატებში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც დელფინი – შავ ზღვაში. ჭეშმარიტი კულტურული შოკი საქართველოში დაბრუნების შემდეგ მივიღე. 1 წელი საკმარისი აღმოჩნდა აქაური მარაზმების დასავიწყებლად. სამაგიეროდ, ჩამოსვლის შემდეგ უფრო მძაფრად შემომეფეთა.

 

აქ, რა თქმა უნდა, ქართული “სიმატკბილობების” არასრული ჩამონათვალია. წაიკითხეთ, შეაფასეთ და შემატეთ ეპიზოდები საკუთარი გამოცდილებიდან🙂

 

1. “კეთილისმსურველთა” სიმრავლე და პირადული სივრცის არარსებობა

იმ აზრს, რომ ყველა ნაცნობს და მეზობლის მამიდაშვილის ცოლისძმის ძაღლის პატრონის ძმაკაცს ერთი და იგივე კითხვებით უნდა მოემართა (კაია ამერიკა? რატომ არ დარჩი?…), უკვე შეგუებული ვიყავი, მაგრამ ის ენთუზიაზმი, რომლითაც სხვისი ცხოვრების განხილვაში იღებენ ხოლმე მონაწილეობას, ვეღარ წარმომედგინა. ქართული სინამდვილე დიამეტრალურად განსხვავდება ამერიკულისგან. იქ პიროვნება გაცილებით დამოუკიდებელია. საქართველოში საკუთარ თავს კი არა, ოჯახს, საზოგადოებას ეკუთვნი. რასაც არ უნდა აკეთებდე, “რას იტყვის ხალხი” უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე “რა მჭირდება წარმატების მისაღწევად” ან “რა არის ჩემთვის სასარგებლო”. სტერეოტიპები, ყოველი სატელეფონო ზარისას გარშემომყოფთა ცნობისმოყვარე თვალები შემოგყვირიან: ვინ დარეკა? რა უნდოდა?… შეიძლება ხმამაღლა არც გკითხონ, მაგრამ ეს მზერა იმდენად მეტყველია, ადრე თუ გვიან ანგარიშვალდებულად გაგრძნობინებს თავს – გაუზიარო პირადი ცხოვრების ინტიმური დეტალები სხვებს.

და ამას პირადად თუ არ მოისურვებ – ხრუშჩოვკებისა და იტალიური ეზოების სულ ერთია, ულტრათხელი კედლები ინფორმაციის გავრცელების შეუდარებელი წყაროა. ნებით თუ უნებლიედ გიწევს ისმინო მთვრალი მეზობლის მიერ ცოლშვილის აწიოკება, მეორე მეზობლის სექსუალური ცხოვრების წვრილმანები, მესამისა და მეოთხის ოჯახური დავები, მეხუთის ყოველდღიური ჭინჭყლაობა, მეექვსის დარიდური-თამუნას-დავარქმევ-მე-ჩემს-გოგონას სიმღერები და ა. შ.

მე, რომელსაც საერთოდ არ მაინტერესებს სხვისი ცხოვრების დეტალები, არ უნდა მიწევდეს სხვისი მუსიკალური გემოვნების ატანა, ან იმისი მოსმენა, რაც პირადად არ მეხება. პიროვნებას უნდა ჰქონდეს სხვებისგან საკმარისი იზოლაციის,  ასევე საკუთარი სურვილების რეალიზაციის საშუალება. საქართველოში მცირე ფინანსებით ეს შეუძლებელია. მნიშვნელოვანი შემოსავლის გარეშე ხდები ოჯახის წევრების, მეზობლების, ნათესავების საკუთრება.

ეს პიროვნებას, ინიციატივებს, თავისუფალ სულს თრგუნავს.

 

 

—————

 

2. “რას იზამ, საქართველოა!” 

რა დასანანია, რომ ეს ბანალური ფრაზა ყველანაირი სიმახინჯის გასამართლებლად გამოიყენება. თანაც იმგვარი ინტონაციით, რომელიც ცვლილების განხორციელების პერსპექტივას გისპობს. ამისი მთქმელი დარწმუნებულია, რომ ინიციატივას “აზრი არ აქვს” და არსებულ სინამდვილეს უნდა შეეგუო.

 

აი, მაგალითად – კამათში  იბადება ჭეშმარიტებაო, – უთქვამს “ბრძენ” ქართველს. ალბათ ჭეშმარიტების სიყვარულის გამო შეჰყვარებია კამათიც და ჭეშმარიტების დადგენის კრიტერიუმად ხმის სიმაღლე მიუჩნევია. შესწრებიხართ ქართვლების თავყრილობას? ხომ მოხვედრიხართ ყურისწამღები ხმაურის ეპიცენტრში?  ყველა ცდილობს ერთიმეორეს ხმის სიმაღლით გადააჭარბოს და ასე დაამტკიცოს საკუთარი სისწორე. საქმე არა პოზიციის არგუმენტირებულად დაცვამდე, არამედ პიროვნულ შეურაცხყოფამდე მიდის ხოლმე. რაც უფრო მეტად შეღრიალებ და “მეტოქის” ხმას გადააჭარბებ, მით უფრო “დამაჯერებელი” ჩანს შენი პოზიცია. თვალები თანდათან გენთება, სისხლი გიჩქეფს, თმების ყალყზე გიდგება, სახელოები თანდათან გიკაპიწდება ხელჩართულს ბრძოლაზეც გადადიხარ… უკვე აღარავისი გესმის – აღარც წინადადებები, არც სიტყვები, არც ხმები… ყველაფერი რაღაც გაურკვეველ ხმაურიან ბურუსში უჩინარდება და ერთადერთი სურვილი გიჩნდება – გადაფარო ყველა სხვა დანარჩენის ხმა.

 

ამას ჰქვია აბსოლუტური სიყრუე.

 

და ამას “ქართველობით” ამართლებენ.

 

“ასეთები ვართ და რა ვქნათ?!” – ეს სირაქლემას პოზიციაა, რომელსაც ყველა “ქართველი” ეფარება. რაც მთავარია, ეს ცვლილებების მოხდენასაც გამორიცხავს. არავის სურს თავისუფლება – ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. არავის სურს საკუთარ ეგოს როგორმე გადააბიჯოს და ისწავლოს სხვისი მოსმენა. ხშირად გამიგია, ეს ინდივიდუალიზმის გამო მოსდით ქართველებსო. იტალიელს, ფრანგს, ბერძენს, სომეხს, ესტონელს, ლატვიელს, ამერიკელს, ნორვეგიელს არ აკლია ინდივიდუალობა, მაგრამ შესანიშნავად შეუძლია არგუმენტირებული კამათი. ეს გულისხმობს საკუთარი პოზიციის გამოხატვას, დაცვას, ასევე სხვისი აზრის გაზიარებას. რასაც ქართულ ინდივიდუალობას უწოდებენ, სინამდვილეში პატოლოგიური ეგოცენტრიზმია.

თუ ქართველობას ასეთ სიმხინჯეებთან აიგივებენ, მიმიფურთხებია ასეთი ქართველობისთვის! არ მინდა ქართველად იწოდებოდეს ხარბი, ეგოისტი, ხეპრე, ღორი, შეუგნებელი ადამიანი! მინდა, რომ ქართველები ბევრს სწავლობდნენ ერთმანეთისგან და სხვებისგანაც! მინდა, რომ პირველ რიგში, ისწავლონ მოსმენა და სხვისი აზრის პატივისცემა, რადგან აქედან იწყება პიროვნული და პროფესიული განვითარება. და თუ გვინდა, რომ თავისუფალი სახელმწიფოს თავისუფალი მოქალაქეები ვიყოთ, ამგვარი ელემენტარული უნარების განვითარებიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი.

——————-

 

3. “ვერაფერს შეცვლი”

 

ერთი წელი თითქოს არაფერია, მაგრამ როდესაც საკუთარი თვალით ნახულობ რას ნიშნავს ნორმალური სამუშაო პირობები, ყველა უსამართლობა კიდევ უფრო თვალშისაცემი ხდება. სამწუხაროდ, საქართველოში ნორმაა მინიმალური ხელფასისთვის მუშაობა, დამამცირებელი პირობები, დადენილზე მეტი საათების განმავლობაში ოფლის ღვრა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, დასაქმებულის უფლებების ფეხქვეშ გათელვა. “ბოსს ყველაფრის უფლება აქვს” – ეს მიდგომა ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი ქართველებს და გაპროტესტება აზრადაც არ მოსდით. ბოსს შეუძლია დღეში 8-ის მაგივრად 12 საათი ამუშავოს; ხელფასი დააკლოს; უსაფუძვლოდ დააჯარიმოს; ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვოს სამსახურიდან… ჭეშმარიტი ქართველი ამ ყველაფერს მდუმარე უმოქმედობით უნდა შეხვდეს. მაშინ როდესაც მსოფლიოს ათობით ქალაქში სოციალური უფლებების დასაცავად მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ქართველი მუშები კმაყოფილებით ჩასჩერებიან მათხოვრულ ლუკმას და მადლიერებით შესციცინებენ გაქსუებულ უფროსებს. “შეჩვეული ჭირის კომპლექსი” ყველა უბედურების წყაროა. უფრო ფართო კომენტარებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თავად დაამატოთ.

 

—————–

 

4. შავი, შავი, შავი, ყველგან შავი ფერი!!!

სადაც გაიხედავ, შავტანსაცმლიანი ადამიანები დაიარებიან: ქალები, მამაკაცები, ახალგაზრდები, სტუდნეტები – შავის ქვეშ ემალებიან ყოველდღიურ სიძნელეებს. შავფეროვნება განსაკუთრებით თვალშისაცემი იმიტომ გახდა, რომ ამერიკაში ფერად-ფერად ხალხს შევეჩვიე. შავი იქ ძირითადი ფერი არ ყოფილა. წითელ-ყვითელ-მწვანე-ლურჯ-იისფერ-ტანსაცმლიანი მოქალაქეებში ყოფნის შემდეგ თბილისში რომ გავიარე, თავი უზარმაზარ პანაშვიდზე მეგონა. ქალაქში “შავი ჭირი” იყო მოდებული. ეს, ერთი მხრივ, ერის ფსიქოლოგიური უმწიფარობის მაჩვენებელია, მეორე მხრივ – ზოგადი დეპრესიული ფონის ამსახველი. ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისში ჩემი ფსიქოლოგიის ლექტორი გვეუბნებოდა, რომ შავის მოყვარული ადამიანი არაცნობიერად გაურბის სინამდვილეს, პრობლემებს; შავი – დედის საშოს გაუაზრებელი ასოციაციაა, სადაც სიბნელეა და – ამავე დროს – უსაფრთხოება. იქ დაცული ხარ მოულოდნელი ხიფათებისგან, მშვიდად ხარ… ჩვილი ბავშვის ინსტიქტებში დარჩენა უპასუხისმგებლო საზოგადოების არსებობის ერთ-ერთი მიზეზია. ამერიკელებს პრობლემებზე მეტი რა აქვთ – უმუშევრობა იქ გაცილებით დიდი ტრაგედიაა ვიდრე ჩვენთან, მაგრამ უფრო ბრძოლისუნარიანები არიან. ხელის ჩაქნევის ნაცვლად პრობლემების მოგვარებაზე ხდებიან ორიენტირებული. ამიტომ ქართული საზოგადოების გაფერადება მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნების მიღების საშუალება კი არ არის, არამედ სიმბოლური აქტიც – არაპირდაპირი განაცხადი იმაზე, რომ მისი თითოეული წევრი მზადაა იტვირთოს საკუთარი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ვალდებულებები.

————————

 

გაგრძელება იქნება

2 thoughts on “კულტურული შოკი

  1. ეხლა ყველა აქ შემომსვლელი და მკითხველი თავს დაგიქნევს გაიაზრებს და მიხვდება თუ რა გარემოში არსებობს, მაგრამ 10/15 წუთის შემდეგ ისევ იმ მარაზმში ამოყოფს თავს სადაც პოსტის წაკითხვამდე იყო თანაც თავს საკმაოდ კომფორტულად იგრძნობს ამ გარემოში. მინდა ვაღიარო რომ სავარაუდოდ მეც მათ რიგებში ვარ.

    პ.ს. ეს სია იმდენად გრძელია რომ წარმოუდგენელი!

  2. gijmaaj❤ თავიდან ამ პოსტის წაკითხვას არ ვაპირებდი მაგრამ რომ დავიწყე ვეღარ გავჩერდი… ჯერ კულტურა უნდა ისწავლონ ქართველებმა და შემდეგ იფიქრონ უკვე ევროპამდე მისვლამდე =)) შენ გაიხარე..

    პ.ს. მომენატრე რაღაცნაირად❤ ;დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s