მგლების ველი – პალესტინა


მგლების ველი – პალესტინა –  ის ფილმია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ვუყურე და მოვიხიბლე.

პოლატ ალემდარი თავის ჯგუფთან ერთად პალესტინაში მიდის. მათი მიზანია შური იძიონ იმ ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლებისთვის, რომლებიც ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა დახოცეს.

ფილმს ვერ დაუწუნებ მოქმედების სიმძაფრეს. საკმაოდ ბევრი ბატალური სცენაა, თუმცა, ჰოლივუდური ბლოკბასტერებისგან განსხვავებით, დიალოგები უფრო დახვეწილია; საბრძოლო მომენტებიც – მოზომილი. აქ ერთი გმირი არ არსებობს. უფრო სწორად, აქ გმირი ის კი არაა ვინც ტყვიებს ისვრის, არამედ ის, ვინც სახლში ცოცხლად იმარხება… ყველა ადამიანი გმირია: ის, ვინც  ინვალიდის ეტლში ზის და მაინც აგრძელებს ცხოვრებას; ისიც, ვინც სიკვდილის წინა წუთებში სხვის გამხნევებას ლამობს; ქალიც, რომელიც ყოველ წუთს ქმრის სიკვდილს ელოდება და მაინც პოულობს ძალას ოჯახის გასაძღოლად… გმირობა ამ რეალობაში ისეთივე ბუნებრივი მოთხოვნილებაა, როგორც, მაგალითად, სექსი.

“მგლების ველში” ბევრი საკითხია წამოჭრილი:

იდენტობა და მასთან ასოცირების კრიტერიუმები; სამართლისა და სამართლიანობის გაგება; ქალისა და მამაკაცის სოციალური როლები; დამოკიდებულებები ომისადმი, მტრისადმი… ზოგჯერ იგავებითაც საუბრობენ. დიალოგები ეხება მორალურ პრობლემებს, მათ სხვადასხვაგვარ გააზრებას. სულიერება აქ მხოლოდ რელიგიურობით არ იზომება. მშვიდობაც მხოლოდ ომის არარსებობა არ არის.

შეიარაღებული დაპირისპირება ხალხსაც ისევე ეხება, როგორც ჯარისკაცებს. ეს არის სტერეოტიპებით, ბოღომითა და მტრობით სავსე კადრები.

დაუნდობელი ტყვიები ცელავს ყველას, ვისაც კი მიეწევა. დამნაშავე აქ არ არსებობს. თითოეული მოქალაქე პასუხისმგებელია იმაზე, რაც ქუჩებში ხდება. ყველა უნდა დაისაჯოს, მტერი მოისრას. მტერი კი არის ის, ვისაც “პალესტინელი” ან “ებრაელი” ჰქვია. ხელებშეკრული ხალხის დახოცვა, ქალებისა და ბავშვების გაჟლეტა ჩვეულებრივი მოვლენაა.

მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩნდება ამერიკის მოქალაქე, წარმოშობით ებრაელი ქალი. ერთი შეხედვით ეს უფუნქციო პერსონაჟი ჩანს, რადგან, ჰოლივუდური ფილმებისგან განსხვავებით, არავის ითრევს სასიყვარულო ინტრიგაში. მაგრამ სინამდვილეში იგი ბევრი ხასიათის, დამოკიდებულების გასახსნელად გამოიყენება.

დაპირისპირება ებრაელებსა და პალესტინელებს შორის ძალიან მწვავეა და ეს ქალიც ამ ყველაფერს რეალურად გრძნობს.

იგი პირდაპირ ეჯახება ომის ნამდვილ მნიშვნელობას. ხვდება პალესტინელ ოჯახში, სადაც ქმარი დაპატიმრებულია. სასამართლო კი არ იმართება მხოლოდ იმიტომ, რომ იგი პალესტინელია. აქვე იგებს, რომ ბავშვს ესროლეს მაშინ, როდესაც სკოლისაკენ მიდიოდა. ეს შოკისმომგვრელი სინამდვილეა, რომლის შესახებ მას წარმოდგენა არ ჰქონდა. ეს სამყაროა, სადაც ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი პროცედურების ადგილი არ არის. სრული განუკითხაობაა. აქ ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს, დავებს ტყვიები წყვეტენ. მიუხედავად ამისა, ვერ იტყვი, რომ მხოლოდ ძალადობით სავსე ფილმია. აქ ბევრი სიკეთეცაა, კაცთმოყვარეობაც, სტუმარმასპინძლობაც, მზრუნველი ოჯახიც…

ფილმის დიდი ნაწილი ბნელი კადრებია. ეს არის ღამე, გვირაბებში, დილეგში გადაღებული ეპიზოდები. სიბნელიდან მოულოდნელად სინათლეში შესვლა შთაბეჭდილებებს ამძაფრებს. ფერების არაჩვეულებივი კონტრასტია.

“მგლების ველში” ბევრი მძაფრი ეპიზოდია:

ინვალიდ ბავშვს სახლში ცოცხლად მარხავენ. სულისშემძვრელი მუსიკა… სიცოცხლისა და სიკვდილის ჭიდილი… საზარელი კადრებია, როდესაც სასიკვდილოდ დაჭრილი ბებია ნანგრევებში ჩამარხული შვილიშვილის გამხნევებას ცდილობს…

ხელებშეკრულ ტყვეებს ესვრიან…

თვალახვეულ წითელკაბიან ქალს სასიკვდილოდ მიათრევენ. ირგვლივ სიბნელეა. ვიწრო დერეფნები…

შიშს ამ ფილმში ვერ ნახავ…

ეს არის სასოწარკვეთილი ბრძოლა სიცოცხლისთვის, მომავლისთვის, გადარჩენისათვის…

იდენტობის სხვადასხვაგვარ გაგებას, მკაცრ კატეგორიზაციას აზრების, ჯგუფების დაპირისპირებამდე მივყავართ. აქ ხაზგასმულია განსხვავებული დამოკიდებულებები. ის, რაც ერთისათვის გამართლებული ქმედებაა, მეორისათვის უსამართლო მკვლელობაა. “არა კაც კლა” ვისთვის ზოგადი იმპერატივია და ვისთვის – “არ მოკლა ებრაელის” გაგება.

საოცარია ქალის ტრანსფორმაცია ექსკურსიამძღოლიდან ქალამდე: ზის ოთახში მარტო, ათვალიერებს ქალური ნივთებით მორთულ კედლებს, შესცქერის მოთამაშე ბავშვებს და უკვე ბევრს აღარ ფიქრობს. იშორებს ფორმას, რომელიც საკუთარ სქესს აშორებდა, იმოსება კაბით, იშლის თმას. მოკლედ, იძენს ქალურობის ატრიბუტებს. პატარა აჰმედის რეპლიკაც: “ახლა შენ ნამდვილი ქალი ხარ” მისი სოციალური როლის ხელახალი გააზრების დასაწყისია.

ფილმს არ ჰყავს საბოლოო გამარჯვებული. ფინალი – ბრძოლის დასასრულია და არა ომის.

“მგლების ველი – პალესტინა”-ს დასასრული უამრავ კითხვას ტოვებს:

რაც არ უნდა კეთილშობილი მიზანი იყოს, როგორ ფიქრობთ, ღირს მის მისაღწევად სისხლის მდინარეების დაყენება? ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი უკვე რამდენიმე ათწლეულია მიმდინარეობს. ეღირსება მოგვარება?

სად დევს მშვიდობიანი თანაცხოვრების გასაღები? ერები, რომლებსაც რელიგია, სტერეოტიპები, ცხოვრების წესი და დაღვრილი სისხლი აშორებს, შეძლებენ ოდესმე შეთანხმების მიღწევას?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s