მიტინგობანას თამაში


მიტინგობანას თამაში და ქუდზე კაცის ძახილი ნამეტანი ტკბილი და ადვილია, რას იტყვით? ერთს დაიძახებ, ათიოდე კაცს შეკრებავ, იმათ კიდევ სხვა ათეულების გამოყვანას დაავალებ და სამიტინგე მასალაც გამომცხვარია. ამ ყველაფერს ერთი მეგაფონი, ორიოდე გუმხურვალე შეძახილიც რომ ჩაამატო, ისეთი გემრიელი კერძი გამოვა, თითებს ჩაიკვნეტ. მაგრამ წმინდათაწმინდა რიტუალად გადაქცეული ქუჩის აქციები საქართველოში უკვე მოსაწყენია. აღტკინებული მამულიშვილური მოწოდებები, გულზე ხელების ბრაგუნი, ხმამაღალი მოწოდებები უკვე ისეთივე რუტინად გადაიქცა, როგორც დილით ადგომა ან ძაღლის გასეირნებაა.

მიტინგი პროტესტის მშვიდობიანი (არაძალადობრივი) გზით გამოხატვის ფორმაა. იგი ერთგვარი ხელოვნებაა, რომელსაც ისეთივე შემოქმედებით მიდგომა სჭირდება, როგორც მუსიკალური ნაწარმოების შექმნას. მისი მიზანია პოზიციის დაფიქსირება პოლიტიკურ, სოციალურ ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა პროტესტის ამ ფორმების შედეგიანობა კონკრეტულ კონტექსტზეა დამოკიდებული. იგი შეიძლება ან პოლიციასთან შეტაკებით დასრულდეს (როგორც, მაგალითად, 2011 წლის 26 მაისისწინა გამოსვლები თბილისში, ან 1960 წლის 4 მაისი საპროტესტო აქცია კენტ სტატე უნივერსიტყ-ში); ან ხელისუფლების შეცვლამდეც მივიდეს, როგორც ფერადი რევოლუციები, ან 1978 წლის მასობრივი გამოსვლები ირანში; ან გამოიწვიოს ახალი კანონმდებლობის/მიდგომების, ეკონომიკური, სოციალური, სამოქალაქო უფლებების გავრცელება და ა.შ.

ითვლება, რომ რაც უფრო მრავალრიცხოვანია დემონსტრაცია/მიტინგი, მით უფრო მძლავრია და მეტია მისი შედეგიანობის ალბათობა. თუმცა რიგ შემთხვევებში მცირერიცხოვან აქციებსაც შეუძლიათ მიზნის მიღწევა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გამოხატვის ფორმა და მესიჯის გავრცელება. ეს ჯგუფის მობილობასაც განაპირობებს. თბილისური ქუჩის აქციების უმეტესობა კონკრეტულ ადგილას შეკრებასა და ლოზუნგების ძახილს მოიცავს. იშვიათად ხდება მომიტინგეების მსვლელობა სხვა ადგილისაკენ. კიდევ უფრო იშვიათ შემთხვევებში ტარდება პოლიტიკური პერფომანსები. რამდენიმე დღის წინ ჩემს ქალაქში ერთი აქციისთვის მომიხდა თვალყურის დევნება. რამდენიმე ათეული ადამიანი ამერიკის ხელისუფლების მაღალ სამხედრო დანახარჯებს აპროტესტებდა. მოითხოვდნენ მათი შემცირების სანაცვლოდ მომხდარიყო განათლების, ეკოლოგიის, სოციალური  და სხვა პროგრამების დაფინანსების გაზრდა.

ისინი ხალხმრავალი გზაჯვარედინის ოთხივე კუთხეში იდგნენ. ხელში ტრანსპარანტები ეკავათ და სლოგანებს გაჰყვიროდნენ. დროდადრო ქუჩის ერთი მხარიდან მეორეზე გადადიოდნენ – მოძრაობის წესების დარღვევის გარეშე. 2 ცხენოსანი პოლიციელიც იქვე იდგა და წყნარად ადევნებდა თვალს აქციის მიმდინარეობას. ადგილიდან არ განძრეულან არც თავად და არ მათი ცხენები. როგორც მითხრეს, აქ მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში სჭირდებათ ნებართვის აღება ადგილობრივი ხელისუფლებისგან და, საქართველოსგან განსხვავებით, არც რადიუსის 20 მეტრიანი შეზღუდვა აქვთ. აქ წესრიგის დაცვა ძალის გადამეტების სინონიმი არ არის.

"შეწყვიტეთ თავდასხმა ვისკონსინის ოჯახებზე"

 

ასე რომ, ჩემო ტკბილო და მურაბა ქართველო ერო, ის დროა, ოპო-მოპო მომიტინგე ელემენტებს ტრენინგები ჩავუტაროთ, ვასწვლოთ როგორ უნდა ქუჩის აქციებზე მინიმალური რესურსებით მაქსიმალური შედეგის მიღება. ეს აქტუალური საკითხია იმის გათვალისწინებით, რომ მომიტინგეთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. პოლიციას ვასწავლოთ მოთმინება და მოქნეულის მოზომვა. ზოგადად კი – თითოეულ მოქალაქეს საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა. თუ ვინმეს უნდა მომიტინგეობა გაიხადოს ხელობად ან ყურადღების მიქცევის საშუალებად, დაე აკეთოს, მაგრამ პროფესინალურად. ექსპერტები ყველა სფეროში საჭიროა, რას იტყვით?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s