დაკარგული ბავშვები


დღეს ერთი ძველი სერიალი ამოვქექე და იმას ვუყურებ: Without a Trace. შეიძლება თქვენც გახსოვდეთ, რამდენიმე წლის წინ გადიოდა ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე. ეს არის ამბები ადამიანების შესახებ, თუ როგორ იკარგებიან უგზოუკვლოდ, შემდეგ კი ეძებენ. ყოველდღიურად ათასობით ქალი, მამაკაცი და ბავშვი ხდება გატაცების მსხვერპლი. ზოგი სამაგიეროს გადახდის მზნით მიჰყავთ, ზოგი გამოსასყიდისთვის, ზოგი – ორგანიების დონორად… მოტივაცია სხვადასხვაა, მაგრამ შედეგი ერთია: ოჯახი, ახლობლები საყვარელ ადამიანს კარგავენ. ამერიკაში ეს ხშირად ხდება. ალბათ ეს მაღალი სტატისტიკა ქვეყნის დიდი მასშტაბებიდან გამომდინარეობს.

ეს სერიალი არის მარადიული მოლოდინის, ტანჯვისა და გაურკვევლობის ამბები. შეიძლება ნახოთ სისხლი, მტრობა, ბოღმა და ბოროტება, რომელიც ადამიანებშია დაბუდებული. ბევრ ევდიან ამბავს აერთიანებს. ახლა, როდესაც ვუყურებ, ერთი ფაქტი გამახსენდა:

მაისი ბოლოს ვაშინგტონში ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის ტრენინგს გავდიოდი. უკანასკნელ დღეს ერთ-ერთი ფასილიტატორი ნაადრევად დაგვემშვიდობა, და დიდი ბოდიშის მოხდით წასვლის მიზეზი ასე აგვიხსნა: გოგონა მყავს ავად. მას შემდეგ რაც ბიჭი დამეკარგა, მეტ დროს ვუთმობ ოჯახსო. თავდაპირველად ყველას გვეგონა, რომ “დაკარგვა” მან “გარდაცვალების” მნიშვნელობით ახსენა, მაგრამ შემდეგ კიდევ უფრო დააკონკრეტა – “გაქრა და ვეღარასოდეს ვიპოვეთო”.

ყველა მივხვდით, რომ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც შეიძლება ოჯახის წევრის ბედი შეიძლება ცხოვრების ბოლომდეც კი ვერ გაიგო.

კიდევ გამახსენდა, რომ ვოლმარტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ხშირად წავწყდომივარ დაკარგული ადამიანების სურათებს. კედლიდან იღიმებიან ქერათმიანი ლამაზმანები, თეთრები, შავები, ლათინოსები… ყველას აქვს თავისი მოკლე ბიოგრაფია, გარეგნობის აღწერა, დაკარგვის გარემოებები… და იქვე უწერიათ: მის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ადგილობრივ პოლიციას, ან მისტერ იქსს, ან ….

ბავშვის დაკარგვა გაცილებით უფრო დიდი ტრაგედიაა, ვიდრე მისი გარდაცვალება. გაურკვევლობა, რომელიც დროთა განმავლობაში ღრმავდება, ნელა-ნელა ანადგურებს ოჯახს. როცა არ იცი სად და როგორ გაქრა 6 წლის ბიჭი, ცხოვრების ტვირთი თანდათან უფრო მძიმდება…

ინტერნეტში ინფორმაციების ძიებისას დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნული ცენტრის ვებსაიტი ვიპოვე.

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი იუწყება, რომ 2002 წლის სტატისტიკით, ერთი წლის განმავლობში 797.500 18 წლამდე ბავშვის შესახებ გაკეთდა განაცხადი, ეს არის დაახლოებით 2.185 დაკარგული ბავშვი დღეში.

ეს მცირე სტატისტიკაც კი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რამხელა პრობლემას წარმოადგენს შეერთებულ შტატებში ბავშვების მოტაცება. და არა მხოლოდ ბავშვების. ყოველღიურად გამქრალ ათასობით ადამიანს სპეციალური სააგენტოები, ორგანიზაციები, მოხალისეები ეძებენ. ზოგჯერ ეს შედეგიანია, ზოგჯერ კი არა.

ვისაც საქართველოში 1990-იანების დასაწყისი ახსოვს, ისიც ემახსოვრება თუ რამდენად ხშირად ხდებოდა ადამიანის გატაცებები. გამტაცებლების ძირითადი მოტივაცია ფინანსური იყო – ისინი გამოსასყიდს ითხოვდნენ ოჯახისაგან. შემდეგ, საბედნიეროდ, ეს ტენდენტია შემცირდა. ახლა რა ხდება დაკარგულ ადამიანებთან დაკავშირებით, არ ვიცი. ერთადერთი, რაც მახსენდება ისევ ვიდეოპატრულში გამოცხადებული დაკარგულების რუბრიკაა, სადაც სახლიდან გასული და არდაბრუნებული ადამიანების შესახებ იუწყებოდნენ. კერძოდ ვინ ეძებს, რამდენად შედეგიანია ეს – ძნელი სათქმელია. შეიძლება არსებობდეს ამის მონაცემები, მაგრამ ამჟამად ხელი არ მიმიწვდება. თუ გაგაჩნიათ, კარგი იქნება თუ გაგვიზიარებთ, თუნდაც ამ ბლოგზე.

რისი მიზეზი შეიძლება იყოს ადამიანნის გაქრობა? ოჯახის წევრების უყურადღებობის? დაუდევრობის? კარგად დაგეგმილი ოპერაციის?.. ძნელი სათქმელია. თითოეული შემთხვევა უნიკალურია და საკუთარი წინაპირობები გააჩნია. როგორ გგონიათ, თუ ბავშვს არც ერთი წამი თვალს არ მოაცილებ, მისი გაქრობის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება? რა კატეგორიის ადამიანები არიან გატაცების რისკის ქვეშ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s