დამოუკიდებლობის დღე


ამერიკაში ჩამოსვლის პირველი დღიდანვე განსაკუთრებული მოუთმენლობით ველოდებოდი 26 მაისს. ჯერ თითებზე ვითვლიდი თვეებს, მერე კვირებს, მერე დღეებს… ვარჩევდი სიტყვებს, რომლითაც ჩემი აქაური მეგობრებისთვის უნდა გამეცნო მისი მნიშვნელობა, ვფიქრობდი ისტორიაზე, რომელსაც მოვუყვებოდი სხვებს.

26 მაისი ჩემთვის უნდა ყოფილიყო დღე, როდესაც გამოვიდოდი და ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ამაყი ვიქნებოდი ჩემი ეროვნული იდენტობით, ისტორიით, სახელმწიფოებრიობით, კულტურითა და ტრადიციებით. უფრო ეგოისტურად ვისაუბრებდი ძველ ტაძრებზე, არქიტექტურაზე, ბუნებაზე, ამ დღის მნიშვნელობაზე, თავისუფლებაზე, დემოკრატიულ ღირებულებეზე… მოკლედ, მთელ რომანტიკულ-პატრიოტულ მარაზმზე…

მაგრამ იმან, რაც მაისის ბოლო დღეებში თბილისში დატრიალდა, სალაპარაკოზე მეტი მომცა. მთელი დღეები ვფიქრობ და ვერ მიპოვია პასუხები რიგ კითხვებზე:

1. რატომ მიმდინარეობს ერისათვის მნიშვნელოვანი, თითქმის საკრალური დღეების მნიშვნელობის დისკრედიტაცია? უკანასკნელი წლების განმავლობაში ანვითარებული მოვლენები პროვოკაციულობითაც გამოირჩევა და მაინცდამაინც იმ თარიღების გაგების ტრანსფორმაციას ახდენს, რომლებიც წმინდაა ერისთვის! 9 აპრილი – რუსეთის აგრესიის დღე, ქართველი მოწამეების დღე, თავისუფლებისათვის ბრძოლის დღე ახლა ხელისუფლების აგრესიასთან, ძალადობასთან, მსხვერპლთან, შიდა შუღლთან ასოცირდება. 26 მაისი – ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღი – ასევე სისხლისღვრასთან და დაპირისპირებასთან გაიგივდა. ამ მოვლენების მსხვერპლი – 2 ადამიანი: პოლიციელი და მომიტინგე, უამრავი დაპატიმრებული, დაკარგული, ნაცემი ადამიანი შეშფოთების კიდევ უფრო მეტ საფუძველს იძლევა. მხოლოდ ხელისუფლებას ნუ იგულისხმებთ ჩემი კრიტიკის ობიექტად, ეგრეთწოდებულ ოპოებსაც აკისრიათ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერში. ორივენი ყოჩაღად ლაპარაკობენ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, ღირსებაზე. საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულები თათხავენ მეორე მხარეს. თუმცა არც ერთს არ აქვს პასუხი კითხვაზე: თარიღები, რომლებიც საგარეო საფრთხესთან, მტერთან ბრძოლასთან ასოცირდებოდა, რომელიც სიამაყეს გვრიდა თითოეულ ქართველს რატომ ხდება სამარცხვინო? ეგებ თქვენ მიპასუხოთ ვის ინტერესში შედის ეს?

2. რატომ მანიპულირებენ ქართველი ერის სახელით პოლიტიკური ნაძირალები, ბომჟები, და ყველანაირი უსაქმურები, ვისაც ერთი დიდი საზოგადოებრივი ბირჟის წევრობა არ ეზარებათ? ნებისმიერი მხარე, რომელიც მიტინგზე რამდენიმე ათეული კაცის შეკრებას ახერხებს, მთელი ხალხის სახელით ლაპარაკობს! 1980-იანი წლების მიწურულიდან მოყოლებული, ხალხის სახელით ტარდებოდა მრავალათასიანი ან რამდენიმეკაციანი მიტინგები, განსხვავებული პოლიტიკური მოთხოვნებით. მიუხედავად იმისა, რომ ლიდერები შეიცვალნენ, დამსწრეთა რაოდენობაც არ იყო მუდმივი და მოთხოვნებიც დროთა განმავლობაში გადასხვაფერდა, “ჩვენ, ქართველი ერი” მაინც აქტუალურ შეძახილად დარჩა. სინამდვილეში ეს არის უმცირესობის მცდელობა – გადაფაროს უმრავლესობის ნება და თავს მოახვიოს საკუთარი შეხედულებები. ისინი არანაირად არ წარმოადგენენ ჩემი და სხვა ადამიანების კონკრეტულ მოთხოვნებს პოლიტიკურ, გნებავთ ეკონომიკურ, კულტურულ ან სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ზოგადი სახის ლოზუნგები – მიშა წადი, გრიშა მოდი!!! ან – გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!!! ან  – თავისუფლება პოლიტპატიმრებს!!! ან – ყველანი ადამიანის უფლებების დასაცავად – არ ხატავს კონკრეტულ სტრატეგიას, რითიც სასურველი მდგომარეობის მიღწევა შეიძლება. ამიტომ შეუძლებელია გარჩიო რატომაა პეტრეს პოზიცია პავლეზე მომხიბლავი და რატომ უნდა გაყვეს მაინცდამაინც მას მთელი ერი, რა აძლევს ხალხის სახელით საუბრის უფლებას? რატომ უნდა ჩაითვალოს ერთი მუჭა მომიტინგეები მთელი ერის წარმომადგენლად?

3. ოდესმე თუ დამკვიდრდება და შეიძენს რეალურ მნიშვნელობას ტერმინი “პოლიტიკური პასუხისმგებლობა?!” უკვე დიდი ხანია, რაც საქართველო პოლიტიკური ავანტიურების ავანსცენა გახდა, ვისაც არ ეზარება სხვადასხვა ექპერიმენტებს ატარებს, რომლის უმეტესობა მარცხით მთავრდება. თუ პოლიტიკანები საკუთარ თავს ხალხის სახელით საუბრის უფლებას აძლევენ, მაშინ რატომ არ აგებენ პასუხს მათ წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო? ვგულისხმობ როგორც შეუსრულებელ დაპირებებს, ასევე იმ ტყუილებს, მოქრთამვას, მუქარებს და ა.შ. რისი საშუალებითაც გამოჰყავთ ადამიანები ქუჩაში (ან აკავებენ სახლში), შემდეგ კი ნაცემებს, დაპატიმრებულებს ღვთის ანაბარა ტოვებენ. გარდა ამისა, რატომ არ არსებობს (ან არ მუშაობს) იმ ჩინოვნიკების დასჯის მექანიზმები, რომლებიც კანონებსა და კონსტიტუციას უხეშად არღვევენ?!…

4. რატომ იგივდება მიტინგები მასობრივ ძალადობასთან? 1980-იანი წლების მიწურულიდან მოყოლებული, ნელა-ნელა იმატებს ძალადობის დოზები და მეთოდები; შეიძლება ისეც მოხდეს ხოლმე, რომ მომიტინგეებზე მეტი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები აღმოჩნდნენ ადგილზე. მიტინგი პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმაა. ესეც კიდევ ერთი დისკრედიტირებული იდეა. მავანთა პოლიტიკური ამბიციები, პიროვნული შუღლი ან სიმხდალე არ უნდა მქმედებდეს ზოგადად პროცესების განვითარებაზე. ბურჯანაძესა და მის ბანდას თუ ქათმის გული აქვს, ანდა მთელი ძალაუფლება სახელმწიფოს ხელშია, ეს არ უნდა ხდებოდეს დარბევევის, სისხლისღვრის საფუძველი.

მოკლედ, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებით ძალიან იმედგაცრუებული და გულგატეხილი ვარ. იმიტომ კი არა, რომ ამერიკელების მიერ დასმულ უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა მიხდება; არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის თანდათან უფრო ბუნდოვანი ხდება ჩვენი, როგორც ერის არსებობის საკითხი. სიმბოლოები, დღესასწაულები – ერთ-ერთი ძლიერი მექანიზმია საერთიანი მეხსიერების, აღქმის, ღირებულებების, იდენტობის ჩამოსაყალიბებლად. ის, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მივიღეთ – გარკვეული სიამაყე, თავისუფლება, იმედი  – ახლა შებრუნებულად ვითარდება. სირცხვილი, ტკივილი, დათრგუნულობა, ძალადობა, შეზღუდვა – არასრული ჩამონათვალია იმ ასოციაციებისა, რომელებიც მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ხსენებისას ხდება. პოზიციათა პოლარიზაცია, პოლიტიკური ფანატიკოსობა კიდევ უფრო შესამჩნევია

საით მივექანებით? რა მოხდება მომავალი დამუკიდებლობის დღეს? თუ ვინმეს კომპასი გიჭირავთ დან მიმართულების განსაზღვრა შეგიძლიათ, შემოგვაპარეთ სიმართლე. “ჩვენ, ქართველ ერს”გვეყოფა ვაჟკაცობა, თვალი გავუსწოროთ მას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s