განიხიბლეთ!


ოროდე დღის წინ უსიამოვნო საუბარი მქონდა. ჩემთვის იყო უსიამოვნო, თორემ მეორე მხარისთვის… არ ვიცი… მოკლედ, ერთ ჩემს ძველ ნაცნობს ჩემი საბანკო ანგარიშით სარგებლობა უნდოდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში მყოფებისგან “ზე-დამოკიდებულებას ვგრძნობ”. მაგრამ მათი მოლოდინები ვითარების არაადეკვატურია. დიალოგი დიდი მოთმინების ფასად მივიყვანე მშვიდად ბოლომდე, მაგრამ ჩეთაობისასაც და იმის შემდეგაც ძალიან გავბრაზდი: ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამერიკაში უდარდელი ცხოვრებაა და დოლარები ხეებზე იზრდება. არ დაიჯეროთ!

ამერიკა მდიდრებისთვისაა სამოთხე, თორემ ღარიბებისა და ემიგრანტებისთვის ჯოჯოხეთის კარიბჭეა. კულტურულ განსხვავებებს თუ არ ჩავთვლით, ბევრი უცნაური კანონი აქვთ. უმუშევრობა ძალიან მაღალია და ბევრს აკარგვინებს სახლს, ოჯახს, ყველაფერს… ვაშინგტონის თითქმის ყველა ქუჩაში შეხვდები უსახლკაროებს, მეტროს წინ, ხალხმრავალ ადგილებზე რომ მიყუჟულან და მუყაოს ნაგლეჯზე აწერიათ: I am Homeless. Please help with MONEY. God Bless You. (უსახლკარო ვარ. ფულით დამეხმარეთ. ღმერთმა დაგლოცოთ). მაგრამ ქალაქის საქმიანი ნაწილი ნაღდი ფულის ტარებას ჩეკებსა და საკრედიტო ბარათებს არჩევს. საეჭვოა აქვთ თუ არა ერთი დღის საკვებისთვის საკმარისი შემოსავალი უპოვრებს.

რაც შეგვეხება სტუდენტებს: ნუ ელით რომ აქ რომელიმე ჩვენგანი მდიდარია და დოლარებში ბანაობს. სტიპენდიით ვიხდით ბინის ქირას, ტელეფონს, შტატისა და სახელმწიფო გადასახადებს. გარდა ამისა, უნდა გვქონდეს გარკვეული თანხა ტანსაცმლისა და სხვა აუცილებელი ნივთების შესაძენად, გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის. არ დაგავიწყდეთ რომ სახელმძღვანელოებიცაა საყიდელი, წიგნები  კი აქ ფუფუნებაა – ძალიან ძვირი ღირს, ერთ საგანში თუ 50-70$ დახარჯე, უნდა ჩათვალო რომ გაგიმართლა. ზოგიერთი წიგნი 150-200$ ღირს და ასეთი რამდენიმეა შესაძენი. საკვები ძალინ ძვირია, განსაკუთრებით კი ჯანსაღი, რომელსაც აქ ორგანულს ეძახიან და ქიმიური დანამატების გარეშეა მოყვანილი. მგზავრობის საფასურიც ქალაქების მიხედვით განსხვავდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ბიუჯეტის დიდი ნაწილი მიაქვს. ზოგჯერ ავტობუსისა და მეტროსთვის სხვადასხვა სახის სამგზავრო ბარათებია ასაღები, ასე რომ…ამ პირობებში დანაზოგის გაკეთებაზე საუბარი ხშირად ზედმეტია. თუ ჯერ კიდევ გგონიათ რომ ფულის ზღვაში ვცურავთ, დროა შეხედულებები შეიცვალოთ.

განიხიბლეთ!

ამერიკაში თავის დასამკვიდრებლად 100-ჯერ უფრო მეტი შრომაა საჭირო, ვიდრე საქართველოში. თითოეულ დოლარს სისხლის ფასი ადევს. აქ ფულის შესახებ საუბარი მიღებული არ არის და ფულის თხოვნაც შეიძლება ბევრმა შეურაცხყოფად მიიღოს. პირადი ფინანსები ერთ-ერთი სფეროა, რასაც არ განიხილავენ.

გასულ შემოდგომას მე და ჩემი მეგობარი ერთ ამერიკელს ველაპარაკებოდით. სიტყვა სახლებზე და მის ღირებულებაზე ჩამოვარდა. ამერიკელმა თქვა, ჯერ კიდევ ვიხდი გირაოს თანხასო. დაახლოებით 10 წლის კრედიტი ჰქონდა ჯერ კიდევ გასასტუმრებელი. ჩემმა მეგობარმა რაოდენობა ჰკითხა, ის კი გაწითლდა, დაიბნა და არც თუ ისე ტაქტიანი ჩაციების შემდეგ ძლივს ამოღერღა კონკრეტული თანხა. აქ მიღებული არ არის საკუთარი შემოსავლის ყველას დასანახად გამოფენა და უბრალო კითხვებიც კი (თუ საგადასახადო ინსპექტორისგან არ მოდის) დიდ უხერხულობას იწვევს. ეს პოზიცია ჩემთვის გასაგები და მისაღებია.

დებო ძმებო, დეიდებო, მამიდებო, მეზობლებო და განსაკუთრებით – გულშემატკივარო მეგობრის მეგობრებო, რომლებსაც არ გეზარებათ თავხედური თხოვნებით მომართვა!

ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ რომ ამერიკა არ არის ისეთი ბრდღვიალა, როგორსაც ფილმებიდან ხედავთ! ამერიკა მუდმივი ბრძოლის ველია! შეინახეთ თქვენი მოურიდებელი პრეტენზიები და ნუ ითხოვთ მხარდაჭერას იმათგან, ვინც მარტო იბრძვის თავის დასამკვიდრებლად!

2 thoughts on “განიხიბლეთ!

  1. არა მარტო ამერიკაში, მე თუ მკითხავ საერთოდ ყველა ნორმალურ და ცივილიზებულ საზოგადოებაში შემოსავლებზე საუბარი თუ ძალიან ახლო, ძალიან ახლო მეგობრები არ არიან – მიუღებელია და უტაქტობად ითვლება. მითუმეტეს როცა “ნაცნობი” გთხოვს შენი ანგარიშით სარგებლობას – ცოტა არ იყოს და დაუკრეფავში გადასვლაა ჩემთვის პირადად… ასე რომ ძალიანაც ახლო ნუ მიიტან გულთან – გაატარე და უფრო მეტ ხანს იცოცხლებ ))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s