“კურდღლის შურისძიება”


იყო ერთი ნაცრისფერი ღორდღელი. მას არ ჰქონდა ცამდე ატყორცნილი სასახლე, არც ნახევარი ტყე პრივატიზებული. მისი მთავარი  სიმდიდრე თიმთიმა ღიპზე ნებიერად გადმოსვენებული არანაკლებ თიმთიმა ღაბაბი იყო. შორს გავარდნილიყო კურდღლის მსუქანი უკანალის ქება. ბევრი მონადირე ცდილობდა მის ცეცხლზე აშიშხინებას, მაგრამ ნურას უკაცრავად! კურდღლის სორომდე მისასვლელი გზა საშიში მხეცებით იყო სავსე. ლომები ბრდღვინავდნენ, ვეფხვები ღრიალებდნენ, ტურები ჩხაოდნენ და ჯერ არ გამოჩენილიყო მონადირე, რომელიც უვნებლად მიაღწევდა შუაგულ ტყეში მდებარე მდელომდე.

აქ ცხოვრობდა ღორდღელი, რომელიც ჭამაზე მეტად ერთადერთ რამეს აღმერთებდა: სილამაზეს. იგი იდეალისტი ბრძანდებოდა. სწამდა, რომ ის, რაც თვალს ახარებდა, სამუდამოდ უნდა არსებულიყო. უყვარდა სტაფილო, მასზე მეტად კი ზღაპრული ყვავილებით გადაჭრელებული მდელო, სადაც უამრავი მშვენიერი ყვავილი გაშლილიყო. დილით, ახალი გაღვიძებული, მთელი არსებით მიეცემოდა ხოლმე ბუნებით ტკბობას.

ერთხელ მის სამფლობელოში სამი ბრაკონიერი გამოჩნდა. მათმა თავხედურმა ქმედებებმა ღვთაებრივი სიმშვიდე დაარღვიეს. ამბის გაგრძელება ვიდეოშია. უყურეთ და შემდეგ მიპასუხეთ: შურისძიება კეთილშობილია? რამდენად შეიძლება მისი გამართლება? ეს მსუქანი ღორდღელი მტრებს კი ერევა, მაგრამ არანაკლებ სასტიკი მეთოდებით უსწორდება. ბევრად განსხვავდება იგი ბოროტმოქმედისგან? და თუ ვინმემ გაწყენინათ, გაგაბრაზათ, დაგამცირათ, დაგაზარალათ – იგივე მეთოდით სამაგიეროს გადახდა სწორი ქმედება იქნება? გამოსწორდება ამით რამე, შეიცვლება წარსული?

ამ ვიდეოს რომ ვუყურე, ძალიან მენიშნა: უნივერსიტეტში მსგავს საგანს გავდივარ, რომელიც კონფლიქტისშემდგომი სამართლის განხორციელების სისტემებს გვაცნობს. ყოველ შეხვედრაზე განსხვავებულ მეთოდებს განვიხილავთ. შურისძიება ერთ-ერთი მწვავე თემა იყო, რაზეც შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. უმეტეს შემთხვევაში ვამბობდით, რომ “შემთხვევას გააჩნდა” და ყოველი ქეისი ინდივიდუალური იყო, დამოკიდებული რიგ შიდა და გარე ფაქტორებზე, ღირებულებათა სისტემაზე, კონტექსტზე და ა.შ.
გავეცანით თეორიებს, რომლის მარდამჭერებიც შურისძიებას გამართლებულად მიიჩნევენ. მათი არგუმენტაცია გამაგრებულა სხვადასხვა შემთხვევებით და სტატისტიკით. მაგალითად, ვენდეტა – იტალიაში, სისხლის აღება – კავკასიაში, სადაც პრინციპი “კბილი კბილის წილ” კულტურის განუყოფელი ნაწილია. ასევე, სიკვდილით დასჯაც შურისძიების ერთ-ერთი ფორმაა და მისი “მოყვარულები” ამტკიცებენ, რომ სიკვდილი შიში მძიმე დანაშაულის შემკავებელი ფაქტორია. ანუ თუ გაცნობიერებული გაქვს, რომ შენს სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს, გარკვეული სახის ქმედებაზე უარს იტყვი.
შურისძიება ტკბილია ძალიან ტკბილი… მით უმეტეს, როცა იცი, რომ შეურაცხმყოფელი შეიძლება დაამცირო ერთ დროს ჩადენილი ყველა ბოროტებისთვის. ეს გრძნობა გულში გიღიტინებს და სასურველი წუთის მოლოდინს ასატანს ხდის…

მაგრამ რა ხდება? შურისძიების წყურვილი ეგოისტური ემოციაა. საკუთარი “მე”-ს დაკმაყოფილებისაკენ სწრაფვა, მორალისა და ბუნების კანონების საწინაარმდეგო პროცესია. როცა “მე” “სამართლიანობის” ჩემებურ გაგებას ვაღწევ, ანუ “მტერს” ვაზარალებ, რა მოსდის სხვას? გონიერი ადამიანი შურისძიების გვერდით ეფექტებზეც ფიქრობს. მოყმის დედის მოთქმა – “წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ ვუთხრა შვილისა” – უძლურების გოდება კი არა, შურისძიებაზე გააზრებული უარია. იმიტომ რომ ეს დესტრუქციული ქმედებაა, ახალი ბოროტებების შესაძლო სათავე…

შურისძიება რელიგიური თვალსაზრისითაც დაუშვებელია – “გიყვარდეს მტერი შენი”, “მიუტევე და მოგეტევება” – ქადაგებს ქრისტე. საზოგადოება და/ან მისი წევრები, რომელიც ღრმადმორწმუნეობაზე დებს თავს, სამაგიეროს გადახდაზე არ უნდა ფიქრობდეს არ ყოველდღიურ ცხოვრებაში, არც სახელმწიფოებრივ დონეზე. როგორ გგონიათ, ეს შესაძლებლია?

ისევ ნაცრისფერ კურდღელს რომ დავუბრუნდეთ, რომელმაც მავნეებზე გამარჯვება “ლამაზად” და “ეფექტურად” იზეიმა – რით განსხვავდება “ბოროტმოქმედებისგან?” რა არის ის, რაც მის შურისძიებას “აკეთილშობილებს?” ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას მაინცდამაინც იმ ჰოლივუდურ ფილმებს ნუ გაიხსენებთ, სადაც რემბო, ჩაკ ნორისი, ჯონ მაკლეინი ან სხვა რომელიმე კუნთებდაბერილი სიკვდილის მანქანა ერთი კაცის მოსაკლავად ნახევარ მსოფლიოს აფეთქებს. მიუხედავად იმისა, რომ შურისძიებაზე საუბრისას ობიექტურობის შენარჩუნება რთულია, მაინც შეეცადეთ დაფიქრდეთ და იპოვოთ “ოქროს შუალედი”. და როცა თქვენს თავს რაღაც ხდება, რომელ გზას ირჩევთ – მიტევების თუ შურისძიების?

ესეც თქვენი ღორდღლიანი ვიდეო 🙂 უყურეთ, დაფიქრდით და შეაფასეთ.

10 thoughts on ““კურდღლის შურისძიება”

  1. მე საერთოდ მომწონს თქვენი შემოქმედება. მინდა გაგიცნოთ. წიგნებსაც ხომ არ უშვებთ?

    • ნინუცას შემოვევლე, წიგნებსაც ვუშვებ. ავტოგრაფით მოგართმევ მალე და თუ კარგად მოიქცევი ცოლადაც მოგიყვან

  2. ჰეი, გიჟმაჟ, რა ფილოსოფოსობა დაგიწყია!!! მაინც კეთილად დარჩა ეს კურდღელი ჩემ თვალში. სხვა გზა არ დაუტოვეს!!!! აუცილებელი მოგერიების ფარგლები ჰქვია ამას სისხლის სამართალში 🙂

    • მთელ ამ ამბავში შურისძიების ყველაზე დიდი საფუძველი პეპელას აქვს. ასევე აუცილებელი მოგერიების უფლებაც. 🙂

  3. ყველაზე მაგარი შურისძიება იგნორირებაა და არაფრად ჩაგდება..”პატიებას” რომ ეზახიან. აი ეგ აგიჟებს ყველაზე მეტად ადამიანს….კონფლიქტოლოგიაში შურიშძიება მხოლოდ ზრდის კონფლიქტიანობის სიხშირეს..აუცილებელი მოგერიება არ უნდა იყოს დასჯადი

    • როცა საქმე მულტფილმის გმირებს ეხება, განსჯა იოლია. მაგრამ ადამიანური ტრაგედიები გაუთვალისწინებელ შედეებს იწვევენ ხოლმე, მით უმეტეს ძალადობა საზოგადოებრივი მოთხოვნაა. გაიხსენე რით დამთავრდა “სტუმარ-მასპინძელი”, როდესაც ჯოყოლამ უარი თქვა შურისძიებაზე; ან ალუდა ქეთელაურს რა ბედი ეწია. თუ გინდა XXI საუკუნეში გადმოვინაცვლოთ – რამდენჯერ ყოფილა შვილის, ძმის, დედის, ცოლის სიკვდილით გამწარებულ ოჯახის წევრებს დამნაშავისათვის სახლი გადაუწვამთ. შურისძიება ემოციური გადაწყვეტილებაა, რომელიც ადამიანის მთელ აზროვნებას ეპატრონება და მართავს.

      forget and forgive, დაივიწყე და აპატიე ძირითადად 2 შემთხვევაში შეიძლება მოხდეს: 1. როცა დაზარალებული სუსტია და შურისძიებისთვის საკმარისი რესურსი არ აქვ; 2. როდესაც ეს სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია და იძულების სხვადასხვა მექანიზმებით ხდება მისი მხარდაჭერა. იშვიათად, რომ ეს იყოს ადამიანის გააზრებული არჩევანი. როდესაც შურისძიებაზე საკუთარი ღირებულებებიდან გამომდინარე ამბობ უარს, საზოგადოებამ შეიძლება არასწორი ინერპრეტაცია მისცეს: ჩათვალოს, რომ სუსტი ხარ და ხელახლა დაჩაგვრას შეეცადოს. ამიტომ გინდა თუ არა, ხშირად გიწევს შურისმაძიებლობა.

  4. Posted by nino ananiashvili on April 15, 2011 at 4:59 a

    ეგ წიგნებს კი არა ბოლსაც არ უშვებს,…;’)

Leave a reply to ირმისა Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.