18 თებერვალი


 

დაისი

18 თებერვალი – დღე, რომელსაც ყველა მონაცემი ჰქონდა უფერულად ჩაფერფლილიყო, მაგრამ მოულოდნელად სასიამოვნოდ დამთავრდა. სტატისტიკის ღრმადმორწმუნე ადამიანი (რომელიც ამავდროულად მისი უნებლიე მსხვერპლიცაა) მეტყოდა, რომ ეს პარასკევი დაწყებოდა საკითხავებით, გაგრძელდებოდა დავალებების წერით, შიგადაშიგ მეგობრებთან ჩეთაობით და დასრულდებოდა რომელიმე ჰოლივუდური იდიოტობის ყურებით. მაგრამ არა! დღემ, საბედნიეროდ, პატარ-პატარა მოულოდნელობებით იმდენად დადებითად დამმუხტა, რომ მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში კვლავ შთაბეჭდილების ქვეშ ვიქნები.

ასეთია ჩამავალი მზე ამერიკის შეერთებულ შტატებში🙂

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ სახლიდან თავი დაისისას გამოვყავი. ჩვეულებრივი რუტინიდან მეგობრის ზარმა გამომაფხიზლა, რომელმაც ერთი დავიწყებული შეხვედრის შესახებ შემახსენა. სტუდენტურ შეკრებაზე ვიყავი წასასვლელი, სადაც რამდენიმე მოხალისე კამპუსში ენერგიის დაზოგვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის გზებს ვეძებთ. რამდენიმე საინტერესო იდეა გვაქვს, რომელსაც ამ გაზაფხულზე განვახორციელებთ. სავარაუდოდ ცალკე პოსტებს მივუძღვნი ამ თემას და განხორციელებული ღონისძიებებსაც. ახლა კი… ახლა ჯერ კიდევ იმ საოცარ ფერებზე ვფიქრობ, რომელიც გარეთ გასულს შემომეფეთა. მზე ჩადიოდა და ჯადოსნური სხივებით ქარგავდა მიდამოს. ორიოდე სურათის გადაღება მოვასწარი. თუმცა ფოტოაპარატმა მაინც სრულყოფილად ვერ გადმოსცა ბუნების სილამაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, სრულიად შემთხვევით, სტუდენტური კინოთეატრის წინ გავლისას ხალხმრავლობა შევნიშნეთ. კენიელი სტუდენტების საღამო იყო. ჩვენი ზანგი მოძმეები მღეროდნენ, ცეკვავდნენ და პუბლიკასაც კარგად ართობდნენ. როგორც აღმოჩნდა, ეს განსაკუთრებული დღე იყო კენიელებისთვის. 18 თებერვლისა და აფრიკელი მამაკაცის განსაკუთრებლობაზე ამ ყმაწვილმა საკმაოდ ბევრი ილაპარაკა. უყურეთ ვიდეოს და ნახავთ როგორ ერთობიან სტუდენტები ამერიკაში. ბევრსაც იხალისებთ :)

ეს სხვანაირი აფრიკაა, რომელიც არ ჰგავს იმას, რაც აქამდე ვცოდი. ამ მხიარულ სიმღერებში არ ჩანს ლტოლვილთა ბანაკები, არც სტრუქტურული ძალადობა, ერთიმეორეს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ტომები; არც მილიონობით ომოწყალოდ ჩახოცილი ადამიანები; არც ბავშვი-ჯარისკაცები, რომლებსაც ვიღაცის ამბიციების გამო სამუდამოდ უმახინჯებენ ცხოვრებას. ეს არც კრიმინალური აფრიკაა, სადაც ყველა გამვლელის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. აქ ნათელი ფერებია, რიტმი და ცხოველმყოფელი სული. მოუსმინეთ და ნახავთ, რომ მედალს ორი კი არა, უამრავი მხარე აქვს. მთავარია შემაჩნიო, დაინახო და დააფასო. მე ასეთი აფრიკა მომწონს, ხუმარა ზანგებით, რომლებიც საკუთარ ემოციებს, განცდებს, ფიქრებს, იდეებს მუსიკით გადმოსცემენ. თქვენ რას იტყვით?🙂

One thought on “18 თებერვალი

  1. ,,აქ ნათელი ფერებია, რიტმი და ცხოველმყოფელი სული. მოუსმინეთ და ნახავთ, რომ მედალს ორი კი არა, უამრავი მხარე აქვს. მთავარია შემაჩნიო, დაინახო და დააფასო. მე ასეთი აფრიკა მომწონს, ხუმარა ზანგებით, რომლებიც საკუთარ ემოციებს, განცდებს, ფიქრებს, იდეებს მუსიკით გადმოსცემენ. თქვენ რას იტყვით?”

    მეც ზუსტად ასეთი აფრიკა მომწონს და ჩემს წარმოსახვაში ასეთიცაა.აი როგორიც მხატვრული ფილმებიდან ვიცი,ოდნავ დრამატიზებული ,საინტერესო და ტემპერამენტიანი აფრიკა.იმედია როდესმე იქაურ ჰაერს ჩავისნთქვა.ეს ოცნებაა ერთ-ერთი,ჩინეთის მერე ))))
    პ.ს. საინტერესო იყო ეს პოსტი ჩემთვის,მადლობა ავტორს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s