მოგზაურობა ამერიკის წარსულში და უკან. II – აკრონის მოსაცდელი დარბაზი


ბედობის დღის გჯერათ? თუ ასეა, გამოდის რომ მოგზაურობა დავიბედე მთელი წლის განმავლობაში. 14 იანვარს დავიწყე და უილიამსბურგში 15-ში ჩავედი, მანამდე კი იყო დიდი გზა და პატარა ქალაქები… აკრონი, ჩემი პირველი გაჩერება დაახლოებით 50 წუთის შემდეგ მოვიდა, სადაც საათზე მეტი მომიწია მორიგი ავტობუსისთვის ლოდინი. ეს ჩანაწერიც ქაღალდის ნაგლეჯზე გავაკეთე, მოსაცდელ სადგურში.

ავტობუსს 10-15-იოდე მგზავრი ველოდებით. აქედან უმეტესობა შავკანიანია. წყნარად ვსხედვართ და გამჭვირვალე კედლებიდან ვუყურებთ, თუ როგორ მიდიან და მოდიან ღამის ავტობუსები. წინ განათებული ავტოსადგური მოჩანს, უკან კი ბევრი თავისუფალი სივრცე. თვალი მეტად ვერ წვდება, კისრის კიდევ უფრო მიტრიალება კი შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. ეს მოგზაურობა ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა – პირველი დამოუკიდებელი მარშრუტი შეერთებულ შტატებში. ჩემი პატარა ქალაქიდან “შეიარაღებული” გამოვძვერი – ელექტრონული ბილეთები აკრონამდე, შემდეგ – კლივლენდი, ვაშინგტონი, რიჩმონდი და ბოლოს – უილიამსბურგი. სხვანაირად რომ ვთქვათ, პატარა ქალაქიდან ცოტა მოზრდილში გადავინაცვლებ, შემდეგ – კიდევ უფრო დიდში, მერე – დედაქალაქში. აქედან პროცესი შებრუნებული მიმართულებით განვითარდება – რიჩმონდი ვაშინგტონზე მცირეა, უილიამსბურგი – კიდევ ერთი ციცქნა. წინ მელოდება თვეების უნახავ ადამიანთან შეხვედრა და გაურკვეველი მომავალი Smile Grayhound-ის ავტობუსები უკაბელო ინტერნეტს გვპირდებიან, ასე რომ გზაში არ მოვიწყენ. ჩემი რეისის გასვლამდე კიდევ ერთი საათია დარჩენილი. მანამდე ვზივარ და ვუყურებ, როგორ აპრიალებს ისედაც სუფთა სკამებს სადგურის პერსონალი ან როგორ მოაგორებენ მძიმე ჩემოდნებს მგზავრები. მაინტერესებს, ჩემს წინ მჯდარი გოგო რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მგზავრობისას, თუმცა ახლა მის ყურადღებს მე ვიმსახურებ – ტელეფონზე ქართულად საუბრით. რა თქმა უნდა, ვერ ხვდება რა ბგერებს გამოვცემ. ცოტა ხანს მიყურებს და მიდის.

რამდენიმე წუთის წინ ზანგი მამაკაცი დავინახე. ხელში მუყაოს ნაგლეჯი ეწერა “God Bless You” წარწერით. კიდევ რადენიმე ფრაზით, რომლებიც შორიდან კარგად ვერ გავარჩიე. ეს პირველი სოციალურად დაუცველი პიროვნებაა, რომელსაც ამერიკაში ყოფნის დროს გადავწყდი. მისი “God Bless You” კი ქართველ უპოვართა ენაზე ასე ითარგმნება: “კეთილო ადამიანებო, დამეხმარეთ. ღმერთი გფარავდეთ.” ამ კაცმა თბილისის მეტროს ბინადრები გამახსენა, რომლებიც ვაგზლის გადასასვლელს ძმურად ეპატრონებიან. ჰო, და კიდევ ერთი ასეთი ადამიანი კლივლენდში ბეისბოლის მატჩის დღეს ვნახე. შენობის წინკართან წყნარად იჯდა. როდესაც ახალგაზრდა წყვილმა კოკა კოლა და ჩიპსები მისცა, მანაც მადლიერება “God Bless You”-თი გამოხატა. როგორც ჩანს, ერთი და იგივე სოციალური მდგომარეობის ადამიანებს მსგავსი ლექსიკა აქვთ სხვადასხვა ქვეყნებშიც კი.

სადგურში ქალების საპირფარეშო მწყობრდანაა გამოსული, დარბაზში მსხდომებს კი ვიდეოთვალი გვაკვირდება. თუმცა აქ იმ დაძაბულობას ვერ ვგრძნობ რომელიც თბილისში მეუფლებოდა. ნუთუ ამერიკაში ჭეშმარიტად თავისუფალი ჰაერია?

ავტობუსის მოსვლამდე ნახევარი საათია დარჩენილი. მე კი, მოსაცდელ დარბაზში მყოფი ერთადერთი თეთრკანიანი უცხოელი, საკუთარ აწმყოს ვეთამაშები. ვფიქრობ, სადამდე შეიძლება მიმიყვანოს ჩემმა სპონტანურმა გადაწყვეტილებამ (რომლისთვისაც წუხელ წამიც არ დამჭირვებია) და წარსულ მახსენდება: 2 წლის წინანდელი ივნისის არეული დღის არაჩვეულებრივი თავგადასავალი ლომისობაზე. მახსოვს ის წვიმა და სეტყვა, რომელიც მაშინ თავზე დაგვატყდა. რაც გინდა ის დაარქვით, მაგრამ მუხლამდე ტალახში მე და ჩემი მეგობრები უვნებლად ავედით ეკლესიამდე და შემდეგ უკან ჩამოსვრიალდით. თბილისში მიმავალ უკანასკნელ მარშუტკასაც მივუსწარით და ემოციებით დატვირთულები დავბრუნდით სახლებში. მახსენდება ის მხურვალე სურვილი, რომელიც ლომისის წმინდა გიორგის შევთხოვე და გულში სითბო მეღვრება… ნეტა ამ მგზავრობიდანაც ისეთივე ემოციები გამომყვება, როგორც ლომისადან?… ერთადერთი, თეთრ სახლში მეორედ ვერდაგეგმილ ვიზიტზე მწყდება გული – აქ ერთი თვით ადრე უნდა ჩაეწერო, თუ გინდა რომ მისი ისტორიულ კედლებში ექსკურსიაზე მოხვდე. თუმცა ესეც გამოსწორებადია – წინ კიდევ რამდენიმე თვე მაქვს…

One thought on “მოგზაურობა ამერიკის წარსულში და უკან. II – აკრონის მოსაცდელი დარბაზი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s