როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის


თუ გსურთ უახლესი ინფორმაციის მიღება სხვადასხვა სტიპენდიის, გაცვლითი პროგრამებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ, ასევე პრაქტიკული რჩევები სამოტივაციო წერილის დასაწერად, დაესწარით ტრენინგს.

————————–

გასაუბრება სამსახურის ან სტიპენდიის მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სოროსის ფონდის, აირექსის მიერ გამოცხადებული ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა, ამერიკული უნივერსიტეტების დიდი ნაწილი და სხვა კონკურსები ითვალისწინებენ ამ ეტაპის გავლას. საბუთების გადარჩევის შემდეგ აუცილებლად წარდგებით კომისიის წინაშე, რომელმაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – გახვალ თუ არა შემდეგ ეტაპზე. გასაუბრება შეიძლება იყოს პირისპირ ან ტელეფონით. სატელეფონო გასაუბრების შემთხვევაში ყველაფერი შედარებით მარტივადაა – უნდა მოახდინო დადებითი შთაბეჭდილება, ისაუბრო გარვევით და მიაწოდო ღირებული ინფორმაცია. ანუ ყურადღება უნდა გაამახვილო საუბრის შინააროსბრივ მხარეზე. პირისპირ გასაუბრების შემთხვევაში კი სხვა დეტალების გათვალისწინებაც მოგიწევს. 

ნებისმიერ შემთხვევაში, გასაუბრების დანიშვნა ნიშნავს, რომ საბუთებიდან გამომდინარე, პროგრამისათვის ღირებული კანდიდატი ხარ და სასურველი მიზნის მიღწევის რეალური შანსი გაქვს. შენი ამოცანაა, წარმატებით “გაყიდო” საკუთარი თავი და გასაუბრების კომისია დაარწმუნო, რომ საკუთარ სარგებლიანობაში.

გასაუბრებისთვის მოსამზადებლად გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები:

გასაუბრებამდე:
კარგად შეისწავლე პროგრამა, რომელშიც აპირებ მონაწილეობის მიღებას. რა არის მისი მიზნები და პრიორიტეტები? რამდენად წარმატებულები არიან? თუ ეს სასწავლო სტიპენდიაა, მაქსიმალური ინფორმაცია მოიპოვე სასურველი სპეციალობის შესახებ. რა საგნებს ასწავლიან და აქედან რა არის შენთვის განსაკუთრებულად საინტერესო? რის შესახებ გინდა კვლევის ან სწავლის გაგრძელება?

ხელახლა ყურადღებით წაიკითხე საკონკურსო მოთხოვნები. რა ცხადდება პრიორიტეტულად? გაქვს თუ არა შესაბამისი თვისებები და გამოცდლება? მოიფიქრე ის კონკრეტული მაგალითები, რომლებიც ახდენენ მათთან შენი კანდიდატურის შესაბამისობის დემონსტრაციას. ერთ-ერთი შესაძლო კითხვა შეიძლება იყოს, თუ რატომ მიიჩნევ თავს პროგრამისთვის იდეალურ კადიდატად. შენი აზრით, რა განგასხვავებს სხვებისგან და გაქცევს მათზე წარმატებულად? თუმცა ისიც უნდა გახსოვდეს, რომ აქ უნდა იყო მაქსიმალურად გულწრფელი, ოღონდ გადაჭარბების გარეშე. არ უნდა გააზვიადო საკუთარი მიღწევები. ისინი რეალობას უნდა შეესაბამებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისიის წევრების ნდობას ვერ დაიმსახურებ. ეს კი წარუმატებლობის გარანტიაა.

გაარკვიე რამდენი ხანი გაგრძელდება ინტერვიუ, ვინ იქნება კომისიის შემადგენლობაში, რა საკითხები დააინტერესებს და რა მოახდენს გავლენას მისი გადაწყვეტილების მიღებაში. ინერვიუერების შესახებ ინფორმაციის მიღება ბევრი გზით შეიძლება, მათ შორის ინტერნეტიდან.

ჩამოწერე ყველა ის შესაძლო კითხვა, რაც შეიძლება შენს მიმართ გაუჩნდეთ გასაუბრების კომისიის წევრებს. მოემზადე ყველაზე რთული და ჩამჭრელი კითხვებისათვის. ინტერვიუერს სურს გაიგოს, რა ტიპის პიროვნება ხარ, რა გამოცდილებით და პერსპექტივით. ამიტომ უნდა სცადო გაამართლო მისი იმედები. ინტერვიუზე შეიძლება დაგისვან როგორც ზოგადი, ასევე კონკრეტული კითხვები, ამიტომ დაათვალიერე შესაბამისი საიტები, ჰკითხე გამოცდილ ადამიანებს – როგორ მიმდინარეობს გასაუბრების პროცესი.

მაგალითად, ეს არის სავარაუდო კითხვები გასაუბრების დროს:
– რატომ ხარ შესაფერისი ამ პროგრამისთვის?
– რატომ აირჩიე მაინცდამაინც ეს პროგრამა/ქვეყანა?
– სად იქნები 5/10 წლის შემდეგ? რა არის შენი კარიერული გეგმები?
– მოგვიყევი იმ სიტუაციის შესახებ, სადაც ლიდერობა/ინოვაციური მიდგომები ან პირადი ინიციატივა გამოავლინე.
– რამდენადაა შენი გამოცდილება/განათლება ამ კონკრეტულ სფეროსთან დაკავშირებული?
– როგორ გამოიყენებ აქ შეძენილ ცოდნას?

ზოგიერთი რჩევა წარმატებული გასაუბრებისათვის:
– დააკავშირე შენი გამოცდილება პროგრამის მოთხოვნებთან. ოღონდ ეს არ უნდა იყოს ხელოვნური და გამოგონილი ფაქტებით. ყველაფერი, რასაც გასაუბრებაზე იტყვი, რეალობიდან უნდა გამომდინარეობდეს. უნდა აჩვენო, თუ როგორ დაგეხმარება არსებული ცოდნა და გამოცდილება პროგრამაში მონაწილეობისათვის. რა უპირატესობას გაძლევს სხვა აპლიკანტებთან შედარებით. ნებისმიერი ნათქვამი კონკრეტული მაგალითით დაასაბუთე. ეს მნიშვნელოვანია. ინტერვიუერებს დაანახებს, რომ ღირსეული კანდიდატი ხარ და ლაპარაკთან ერთად საქმეც გეხერხება 🙂
– ხაზი გაუსვი იმ პირად თვისებებსა და გამოცდილებას, რომელიც ამ პროგრამასთან/სტიპენდიასთანაა დაკავშირებული.
– შენს უნიკალურობას განსაზღვრავს შენი გამოცდილება და სპეციფიკური ინტერესთა სფერო, რომელიც პროგრამის მოთხოვებს შეესაბამება.

ინტერვიუს დროს
დროულად გამოცხადდი გასაუბრებაზე. წინა დღეებში გაარკვიე რა ტრანსპორტი მიდის და რამდენი დრო სჭირდება დანიშნულების ადგილამდე მიღწევას. გაუთვალისწინებელი შეფერხებებისათვისაც დაამატე 15-20 წუთი. სჯობს ცოტა ადრე მიხვიდე, ვიდრე დაიგვიანო. დაგვიანება ყველაზე უარესია, რაც შეიძლება გააკეთო.

ჩაცმულობა მნიშვნელოვანია. გასაუბრებაზე უნდა გამოცხადდე მოწესრიგებული. ჩაცმულობით ახდენ პირველ შთაბეჭდილებას, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ გაამართლო გასაუბრების კომისიის წევრთა მოლოდინები. მოერიდე ჭყეტელა ფერების, ან ჭრელაჭრულა ტანსაცმლით მისვლას. ნუ გაგიჩნდებათ გამორჩეულობის ამბიცია, ანუ დახეული ჯინსები, ელასტიკები, ნურც მეტისმეტ სექსუალობას ეცდები. ეს იმისი მანიშნებელი იქნება, რომ არასერიოზული დამოკიდებულება გაქვს პროგრამასთან. გასაუბრებაზე გამოცხადდი ფორმალური ტანსაცმლით. იგი არ უნდა გბოჭავდეს, თავისუფლად უნდა გრძნობდე თავს.

ინტერვიუს დასარულისკენ შეიძლება გკითხონ გქვს თუ არა კითხვები. ამიტომ წინასწარ მოამზადე რამდენიმე კითხვა, თუმდაც უმნიშვნელო. ამით აჩვენებ, რომ დაინტერესებული ხარ პროგრამით.

ინტერვიუს დროს გასათალისწინებელი რჩევები:
ისაუბრე ზომიერად, არც ძალიან ბევრი, არც ძალიან ხმამაღლა. საუბრისას შეინარჩუნე სიმშვიდე. ინიციატივა დაუტოვე კომისიის წევრებს, მხოლოდ კითხვებზე უპასუხე. თუმცა, საუბარში შეგიძლია ისეთი ხელჩასაჭიდი ინფორმაცია მიაწოდო რომელიც ხაზს გაუსვამს შენს საუკეთესო თვისებებს და/ან დამატებითი კითხვებისაკენ უბიძგებს.
– არ გააკრიტიკო კოლეგები, მეგობრები, კონკურენტები, სამსახური და ა.შ. მიზეზი, რის გამოც მოდიხარ იქიდან არის ის, რომ შენ კარგად ასრულებ მოვალეობებს და წინსვლა გჭირდება. კრიტიკა შეამცირებს შენს მიმართ ნდობას და უარყოფითად იმოქმედებს რეპუტაციაზე.
– ფინანსურ საკითხებზე საუბარს შენ ნუ წამოიწყებ. სტიპენდიის შემთხვევაში, როგორც წესი კონკრეტლი თანხებია გამოყოფილი ხოლმე, რაც წინასწარაა ცნობილი. ამიტომ მოლაპარაკების მცდელობას აზრი არ აქვს.
– ყურადღება მიაქციე ჟესტებსაც. საჭირო არ არის მეტისმეტი თეატრალობა. საუბრისა და ჯდომია მანერა უნდა იყოს თავისუფალი, გამოხატავდეს თავდაჯერებას (მაგრამ არა თავხედობას).

მოკლედ, გასაუბრების მიზანია, წარმატებით “გაყიდო” საკუთარი თავი, მაქსიმალურად დამაჯერებლად წარმოაჩინო დადებითი თვისებები და დაარწმუნო კომისიის წევრები, რომ ხარ ერთადერთი და ღირსეული კანდიდატი არჩეული სტიპენდიისთვის ან პოზიციისთვის. გასაუბრების შემდეგ კარგ ტონად ითვლება მადლობის წერილის გაგზავნა.
წარმატებას გისურვებ.

ინგლისურენოვანი არხი, სადაც განთავსებულია ვიდეოები გასაუბრებისთვის მომზადების, სამოტივაციო წერილის დაწერისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

4 thoughts on “როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის

  1. რა კარგი პოსტია, გადასარევი, როგორ გამომადგება ამ დღეებში, არ იცი ))

  2. ჯგუფური გასაუბრება ინდივიდუალურისგან რით განსხვავდება?

  3. Pingback: გასაუბრება სტიპენდიისთვის/უნივერსიტეტში ჩასარიცხად | Your Study Guide in the USA and Europe

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.