ექიმი ჟივაგო


თბილისში საშველი ვერ დავაყენე ბორის პასტერნაკის ამ ნობელის პრემიის ლაურეატი წიგნის ვერც ბოლომდე წაკითხვას, ვერც ფილმის ყურებას. მახსოვს, ქართულ არხებზე რამდენჯერმე გაუშვეს, კადრებიც კი ჩამრჩა მეხსიერებაში, მაგრამ მხოლოდ დასაწყისს ვუყურე. ახლა, როცა არდადეგები მაქვს, ბევრი დრო გამომიჩნდა ფილმებისთვის. “ექიმი ჟივაგოს” 2005 წლის რუსული სერიალის ყურება დავიწყე წარსული შთაბეჭდილებებით. მასზე ის ემოციური მეხსიერება გადმოვიტანე, რომელიც ადრინდლიდან მქონდა შემორჩენილი. დასაწყისმა პროტესტის გრძნობა გამიჩინა იმიტომ, რომ ისე არ იყო, როგორც მახსოვდა. უფრო მძაფრ მუხტს ველოდი, თუმცა მოვლენების განვითარების პარალელურად უფროდაუფრო ჩამითრია. 10 სერია, რომელთაგან თითოეულის ქრონომეტრაჟი დაახლოებით 45 წუთი იყო, თითქმის შეუმჩნევლად გაილია.

ექიმი ჟივაგო – ეს არის ფილმი სიყვარულზე, რუსეთსა და ღმერთზე. დასაწყისიდან დასასრულამდე გაიელვებს ხოლმე ქრისტეს სახე ან სახელი და პრობლემები, რომელიც რელიგიას, უფრო კონკრეტულად კი ქრისტიანობას უკავშირდება. არსებობს ქრისტე? თუ ღმერთი მართლა უყურებს კაცობრიობას, სად არის მაშინ, როდესაც იგი იტანჯება? სად არის ღმერთი როცა ხალხი შიმშილობს, როცა საკვების გარეშე დარჩენილ მგლებს დედა პატარა შვილს უგდებს შესაჭმელად, რათა სხვა ბავშვები გადაარჩინოს? როცა მამა სიკვდილისათვის იმეტებს საკუთარ ოჯახს, რომ ისინი კიდევ უფრო სასტიკი სიკვდილისაგან დაიხსნას?…

“ექიმ ჟივაგოში” მონარქიიდან საბჭოთა მმართველობაზე გარდამავალი პერიოდის რუსეთის მოვლენებია ასახული – წლები, რომელიც საბედისწერო გახდა არსებული რეჟიმისთვის და ასევე ხალხისთვის. ეს არის ჟივაგოს ოჯახის – ერთ დროს მდიდარისა და ბედნიერის დაკნინების ისტორია. იურა მთელი ცხოვრება გაორებულია: მედიცინასა და პოეზიას, ორ ქალს – ტონიასა და ლარას შორის… მას აქვს ბრძოლებით სავსე ცხოვრება – უწევს ბევრი შინაგანი და რეალური ბარიერების დაძლევა. ჟივაგოს ბრძოლა საკუთარ თავთან არის ტრადიციული გრძნობისა და მოვალეობის ჭიდილი. “ექიმი ჟივაგოს” უკანასკნელი 2 სერია ემოციური და დაძაბულია. ვიტყოდი, რომ მოთქმით გოდებაა. შეუძლებელია გულგრილად უყურო იქ გადმოცემულ უკიდურეს გაჭირვებასა და ადამიანების დეგრადაციას. აქ ნახავთ რუსულ ზამთარსაც თავისი არაჩვეულებრივი სისასტიკით. მთელი ფილმი ვნებისა და პოლიტიკის ჭიდილია.  და ფინალი… ფინალი – წარმუდგენლად ნაღვლიანი… იქ მომავალი არ იგრძნობა… აქ არის პოლიტიკა, რომელიც მამასა და შვილს შორის დგება, და რომელიც პიროვნებას ანადგურებს, გასაქანს არ აძლევს, კლავს… ჟივაგოს სამყარო მშვენიერი ზღაპრიდან სასტიკ რეალობად იქცევა, მტკივნეულად ხელშესახები ხდება და შლის ყველაფერს, რასაც კი ოდნავ განსხავებული ელფერი დაჰკრავს. ილუზიების ქვეყანა შიშის ნავსაყუდელად გადაიქცევა და ეს ტრანსფორმაცია ერთი ადამიანის ბედზეც აისახება. ექიმი ჟივაგო ფაქტიურად იღუპება.

პერსონაჟებიც არ არიან იდეალურები: ჟივაგო – მუდმივი დილემების წინაშე დგას, ტონია – მუდმივად მომლოდინე ერთგული ცოლი, ლარა – ტანჯული მადონნა, ძმაი მისი გიშარ – უნამუსო ეგოისტი, რომელიც დისგან გამუდმებით ითხოვს მსხვერპლშეწირვას; კომაროვსკი – მედროვე, რომელსაც ყველაზე მეტად ფულის ძალის სჯერა, პაშა ანტიპოვი – ლარას ქმარი, გზააბნეული მგზავრი რომელმაც თავისი ცხოვრებსეული დანიშნულება სადღაც დაკარგა…

მიუხედავად იმისა, რომ “ექიმი ჟივაგოს” ამ ვერსიას არცთუ ისე კარგ გადაღებად მიიჩნევენ, მაინც გირჩევთ რომ უყუროთ: მასში კარგად ჩანს გარდამავალი პროცესები და მისი მონაწილე რუსული საზოგადოება; ადამიანური ვნებები და მისწრაფებები, გაცრუებული იმედები და ჩაკლული ოცნებები. არის ბევრი მორალური ან პოლიტიკური საკითხიც, რომელზეც ეს ფილმი ჩაგაფიქრებთ სულ მცირე, ახალი პოსტის დაწერის იდეასასც მოგცემთ🙂

2 thoughts on “ექიმი ჟივაგო

  1. თავიდან მართლაც რუსული სულით გაჟღენთილი ფილმია: რა დედა-შვილობა და რა და-ძმობა… თუმცა, არ მთავრდება რუსულად, იმიტომ რომ რუსების გადაღებული არ არის…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s