XXI საუკუნის ვირუსული ინფექციები


ნეოს ვირუსი – ფანტასტიკური იდეებით შეპყრობილი ადამიანის განდიდების მანია. ობიექტი მოწყვეტილია რეალურ სამყაროს და ჰგონია, რომ ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვგონია, არამედ არის ის, რაც არ გვგონია; რომ არსებული სინამდვილე სინამდვილეში მხოლოდ ილუზიაა და ფსევდომისიონერული იდეაფიქსეთი შეპყრობილი წარმოუდგენელ ტრიუკებს აკეთებს. მაგალითად, შეუძლია გადმოხტეს მაღალსართულიანი შენობიდან იმ იმედით, რომ გაფრინდება, ანდა მეზობელი ქალაქის მერიის თავზე წამოსკუპდება. ნეოს ვირუსი ახალი და მასობრივი ვარიაციაა იმისა, რასაც ორიოდე წლის წინ ქართველები “გორის ციხის სინდრომს” ვეძახდით. ლეგენდა ამბობს, რომ არც ისე შორეულ წარსულში იეღოველი მორწმუნე გორის ციხიდან აღმაფრენას ლამობდა, რა თქმა უნდა ფრთებისა და სხვა დამხმარე ატრიბუტიკის გარეშე. მცდლობა ფატალურად დამთავრდა. თუმცა ამ შემთხვევიდან კაცობრიობამ სათანადო გაკვეთილი ვერ მიიღო და კიდევ უფრო გააფართოვა უკონტროლო ფანტაზიების საზღვრები. თუმცა, საბედნიეროდ, ნეოს ვირუსი, არ არის ქრონიკული. კაცობრიობის სიჯანსაღის სადარაჯოზე მდგარმა ერთგულმა დრაკონებმა ხანგრძლივი გამოკვლევების შედეგად შეიმუშავეს უებარი განკურნების მეთოდი: სამკოჟრიანი აგურების კომპლექსი. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ვირუსის სიმწვავეზე. ერთი სეანსის მიმდინარეობა სულ რამდენიმე წამია, პაციენტის გამჯანმრთელების სისწრაფე კი პირდაპირპროპორციულია აგურებთან დაჯახებისას განვითარებული აჩქარებისა. ფსევდოსამყაროს დატოვების შესაძლებლობა 97,63%-ია.

ჩექმებიანი კატის ვირუსი – ზღაპრის ამ პოლულარული გმირის თაყვანისმცემლებმა ისეთი გულმოდგინებით მოინდომეს შესაბამისი მოდელის ჩექმებით “აღჭურვა”, რომ საბაზრო მოთხოვნამ მიწოდებას რამდენიმე ათასჯერ გადააჭარბა. მეჩექმეებმა და ე.წ. ფეხსაცმლის დიზაინერებმა ისეთი სისწრაფით დაიწყეს ჭრა-კერვა, რომ ზოგჯერ ტყავის ნაცვლად მისი შესაფუთი მუყაოს ყუთებით “შემოეკეთათ”. გულუბრყვილო მომხმარებელმა კი ეს “შედევრებიც” ისეთივე სიხარულით მიიღო, როგორც ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუშები. გაყიდვები დაბალანსდა, თუმცა მოიმატა დასუფთავების გადასახადმა – “ჩვენი ქალაქის მეეზოვეებს” მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში საქმე გაუორმაგდათ. თითოეული ქუჩის კუთხეში გაჩდა უზარმაზარი ჩექმგროვები. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩექმებიანი კატის ვირუსი სეზონური მოვლენაა – ძირითადად ნალექანი ამინდების. მისი დამახასიათებელი სიმპტომებია: დახვრეტილი ძირები, მომენტალური ჭუჭყიან-წყალ-შეჭყაპუნება, სისველის არაჩვეულებრივი შეგრძნება ფეხის ჰიპერსექსუალურ ადგილებში, სიარულისას წარმოშობლი ფანტანები და ყურისმომჭრელი ჭრიჭინი, ზოგჯერ – უკან მოტოვებული ქუსლი ან სხვა დეტალი. განკურნების საშუალება – თბილ ქვეყნებში გადაფრენა. მარშრუტები და დანიშნულების ადგილები შეათანხმეთ ტუსიტულ სააგენტოებთან ან გადამფრენ ფრინველებთან.

ავატარის ვირუსი – ფანტას-“მე”-გორია; ინტერნეტ-ილუზია, რომელმაც რეალურ ცხოვრებაშიც გაჟონა – ფორუმებზე, პირად მესენჯერებში სხვების თვალის მოსატაცებლად შექმნილმა არარეალურმა ხატებმა. ეს ვირუსების ყველაზე საშიში სახეობაა, რადგან ხშირად ქრონიკულ დაავადებაში იზრდება და სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება ადამიანს. ჭეშმარიტ “მე”-სა და სამყაროს შორის ჩნდება ხელოვნურად შექმნილი ფარდა. დამახასიათებელი სიმპტომები: გადამეტებული პრანჭვა-გრეხა, წელში წყვეტა, კისერის ნძრევა, მარჯვენა ხელის ქნევა… განკურნების მეთოდი: ყინულის აბაზანა.

—————-
ეს ვირუსები დაძრწიან, დაწანწალებენ, ედებიან ღობე-ყორეს, კომპიუტერებს, ქუჩებს, სახლებს, სასახლეებს, საძაღლეებს. შეიძლება შემოგეპაროს, შემოგიძვრეს, შემოგეჩვიოს და შემორჩენა დააპიროს. არ გააჭაჭანოთ! სასწრაფოდ და გადაუდებლად მიიღეთ შესაბამისი ანტიდოტები! უებარი ეფექტები აქვს. მკურნალობის მეთოდები მოწონებული და დამტკიცებულია ფსიქოსექსუალური სიჯანსაღის სამინისტროს მიერ.

One thought on “XXI საუკუნის ვირუსული ინფექციები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s