ჟურნალისტური მარაზმები


ორშაბათს!!!! ორ-შა-ბათს!!! >>> ისე ხმამაღლა და დაჟინებით გიმეორებს იმედის ეთერში ყოველწუთს ქალის პრეტენზიული ხმა, რომ შეიძლება თავი უხერხულად იგრძნო თუ დანიშნულ დროს, დანიშნულ არხზე არ დაუყარაულდები ტელევიზორს. ზიხარ, საათს უყურებ, ელოდები და საკუთარ თავს ეკითხები – რა ხდება ასეთი განსაკუთრებული ორშაბათს? თითებზე ითვლი დარჩენილ დღეებს, საათებს და შედეგად შედეგად – რას ნახულობ? აბსოლუტურ სი-სუ-ლე-ლეს!! აღმოაჩენ, რომ სიტყვის დამარცვლა და გადატანა – ყველაზე ჭკვიანურია, რაც ამ გადაცემიდან შეიძლება მიიღო. და რომ იგი სოფლის ბირჟისაგან მცირედით თუ განსხვავდება.
საერთო შტრიხები: ქალები სხვედან და სხვადასხვა თემებზე საუბრობენ
განმასხვავებელი: სოფელში ქალები უფრო მოკრძალებით არიან ჩაცმულები, სამაგიეროდ უფრო ყურადღებით უსმენენ ერთმანეთს; გადაცემაში ყველა ქალი პრაფესორა და ექსპერტია, სოფლელი ქალები კი იმაზე მეტს არასოდეს იბრალებენ, რისი გაკეთებაც არ შეუძლიათ
“დღის შოუს” არასერიოზულ იმიჯს სძენს მისი წამყვანების შეუფერებელი ჟესტიკულაცია, მიმიკები და თვითკმაყოფილი პრანჭვა მაყურებლის წინაშე. სადაა ის მომხიბლავი უბრალოება, რომელიც შეხედვისთანავე იპყრობს ადამიანის გულსა და გონებას?…
საერთოდ კი, მსგავსი ტიპის გადაცემას ახალგაზრდა, მხიარული გოგოები და უფრო ცოცხალი ურთიერთობები უფრო მოუხდებოდა, ვიდრე ჭკნობაშეპარული ქალები. მაგრამ რას ვიზამთ, მასმედია ერთ-ერთი ის საკვანძო სფეროა, სადაც სამართლიანობაზე მეტად ნაცნობობასა და გავლენას გააქვს ლელო.

ლელოზე გამახსენდა და, სპორტული გადაცემების წამყვანებიც შეიძლება შევიტანოთ “თავის მოსაწონებელთა” სიაში. საბჭოთა პერიოდის მსგავსად, ახლაც რომ კეთდებოდეს კედლის გაზეთები, მათი ერთ-ერთი პოპულარული “მუზა” აუცილებლად იქნებოდა დიტო მარინაშვილი. განათლებული ადამიანის კვალობაზე, მას დემოსთენეს ამბავი გაგებული უნდა ჰქონდეს – ამ ენაბლუ კაცმა, პირში კენჭებჩადებულმა, იმდენი ივარჯიშა აბობოქრებული ზღვის პირას, რომ საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ორატორი გახდა. ძველ საბერძნეთში ლოგოპედები არ ჰყავდათ, ამიტომ დემოსთენეს მიზნის მისაღწევად დიდმა შრომამ მოუწია. მადლობა ღმერთს, ბატონ დიტოს ასეთი ღრმა დარღვევები არ აქვს, მაგრამ მეც და ბევრი ბევრი მსმენელიც დარწმუნებული ვართ, რომ ორიოდე თვიანი ტრენინგ-კურსის გავლა არ აწყენდა. როგორც ვიცი, ტელეწამყვანებს სპეციალური სავარჯიშოები აქვთ მეტყველების დასახვეწად. შედეგად, იგი სათქმელს გადმოსცემდა სწრაფად და, რაც მთავარია, გარკვევით, გასაგებად.

თუმცა დიტო მარინაშვილს რას ვერჩი, როდესაც თითქმის ყველა ქართულ არხზე სასახელოდაც კი ითვლება ტექსტის დავიწყება, უაზრო პაუზები, ბლუყუნი, მატჩის ანგარიშების არევა, რესპოდენტის სახელის დავიწყება; რომ აღარაფერი ვთქვათ აზრის გამართულად ჩამოყალიბებასა და ფაქტების სწორად გადმოცემაზე. კონკრეტული ჟურნალისტური მარგალიტები შეგიძლიათ იხილოთ თბილისის ფორუმზე ამ თემაში. ჭეშმარიტად, ღირსშესანიშნავი კოლექციაა. აქ შეიძლება ნახოთ “სანდრა ბულოკი” ან “ბოლოკი” და “სიკვდილზე მიმავალი მოგესალმები შენ”. ეს უკანასკნელი “გლადიატორის” ქართული გახმოვანების იმ მონაკვეთში ჟღერს, როდესაც რომის კოლიზეუმში პირველად გამოჰყავთ გლადიატორების ჯგუფი. ეტყობა მის მთარგმნელს არასოდეს გაუგია ან წაუკითხავს თუ როგორ ესალმებოდნენ ხოლმე გლადიატორები იმპერატორს: “სასიკვდილოდ მიმავალები მოგესალმებით შენ!”. თუმცა, წაკითხვაზე მეტად აქ ელემენტარული ქართული ენის ნორმების ცოდნაა საჭირო…

სხვა გზა არ არის, კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო შვიდჯერ გაცვეთილი სიტყვები, რომლის მნიშვნელობაც შეიძლება ბევრმა ჟურნალისტმა არც იცოდეს: “საზოგადოება” და “პასუხისმგებლობა”.
“საზოგადოების” ნაწილი მხოლოდ “მე” და “ჩემი მეგობრები” არ ვართ, ვისთან ერთადაც შემილძია თავისუფლად, ჟარგონულად, ჩინურად, ვულგარულად, ბინძურად, ძველბიჭურად, მუნჯურად, ქაჯურად ან სრულიად წარმოუდგენელ ენაზე ვილაპარაკო. მაგრამ ხალხი, რომელიც სამსახურში წასვლამდე, შესვენებებზე, თათბირებზე, სამზარეულოში ტრიალისას, მორიგეობისას, ძილის წინ ტელევიზორს უყურებს – მოელის, რომ, სულ მცირე, ჟურნალისტი გადმოსცემდეს ფაქტებს გამართულად და ვითარების ადეკვატურად. “პასუხისმგებლობა” კი ამ მოლოდინის გამართლება და პროფესიულ ზრდაზე განუწყვეტელი ზრუნვაა. რამდენი ჟურნალისტი გეგულებათ ასეთი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s