ანო


– ანოოოო, წყალი მოიტაა! – ისმის განკივანი ხმა. ქალობაგახუნებული ანოც საცოდავად მიფრატუნობს კანისტრით ხელში ახალი წყლის მოსატანად.
– ანოოოო, გადი მაროანთა, ორი პური გამოართვი! – ისევ ისმის ყვირილი. ძველ ხალათმოსხმული ანოც მდუმარედ მიბრაცუნობს მეზობელთან მორიგი დავალების შესასრულებლად.
სოფელმა იცის ყველა ბობოლას სახელი; მსოფლიოს გამოჩენილი ფეხბურთელების ვინაობა; ახსოვთ 1920იანების ყაჩაღი პატარა ნიკაც, რომელიც მოღალატურად ჩაცხრილეს ვიღაცის ზვარში და სოფლის სასაფლაოზე განისვენებს; ასევე ცნობილი მსახიობები, მომღერლები, რომლებიც არასოდეს უნახავთ, თუმცა ცოტა მათგანი თუ იცნობს ანოს.

ანო რამდენი წლისაა, არ ვიცი. ამით არც არავინ ინტერესდება. ვის ადარდებს საბრალო სმენადაქვეთებული ქალი, რომელმაც ცხოვრების საუკეთესო წლები სხვების მოვლაში გალია. დროთა განმავლობაში ანოს სახე იჭმუჭნება და ნაოჭდება, უფროდაუფრო ცუდად ესმის, ამიტომ მის ახლობლებს უფროდაუფრო ხმამაღალი ყვირილი უწევთ. ალბათ წერა-კითხვაც არ იცის, რადგან მის ხელში არასოდეს დამინახავს წიგნი, კალამი, ან თუნდაც ჟურნალი. ან იმდენად ილაჯგაწყვეტილია, რომ კითხვის თავიც აღარ აქვს… ლაპარაკობს დაბალი ხმით, დუნედ, თითქმის უსიცოცხლოდ… ნელა ამოთქვამს თითოეულ სიტყვას… მისი მზერა თანდათან უფრო დაძაბული ხდება, ალბათ მოსაუბრეს აკვირდება, რომ ნათქვამს მიუხვდეს… დამჭკნარი, დალეულია, აჩრდილივით დააბიჯებს… ვიტყოდი, სათნოების განსახიერებაა მეთქი, მაგრამ არა მგონია სათნოება ანოსავით უღონო და ნებაწართმეული იყოს…

საკუთარ სოფელს არასოდეს გასცდენია. დაფრატუნობს უბნიდან უბანში, მიაქვს მეზობლის დანაბარები, ეგზავნება წყალზე, მაღაზიაში. არ მახსოვს მისი ახალგაზრდობა, ამიტომ არ ვიცი იპრანჭებოდა თუ არა, ოდესმე უტრიალია თუ არა სარკის წინ, ან მოუზომებია მოდური კაბა. ანო, რომელიც მე მახსოვს, მუდამ ძველმანებითა და ფლოსტებით დაფრატუნობს და წლების განმავლობაში მისი სახე უფროდაუფრო იმანჭება.

ჰყვარებია ანოს ვინმე? არ ვიცი… ახალგაზრდობაში ეგებ იყო კიდეც ვინმე თმაქოჩორა ყმაწვილი, რომელიც გულში ჩაუვარდა… ახლა კი ისე შეუმჩნევლად დაჩუჩუნებს, შეუძლებელია რაიმე ფიქრის ნატამალი შეატყო მოქრუშულ სახეზე… მით უმეტეს წარსული ფიქრების…

ვინ იცის, რამდენი ანო დადის სოფლებში… ეგებ ისინი არიან ანგელოზები, რომლებსაც ზეცაში ვეძიებთ… თავიანთი შეუმჩნეველი არსებობით გვაძლევენ უანგარო სიყვარულისა და თავდადების მაგალითს. ეგებ გმირებს ბრძოლის ველზე კი არ უნდა ვეძებდეთ, არამედ ჩვენს გვერდით, ჩრდილივით მობარბაცე ადამიანებში…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s