მედია და ჩვენ


მიღებულია, რომ ჩვენს აღზრდაში მონაწილეობას იღებს დედა, მამა, ბებია-ბაბუები, მეზობლის ქალი გულნარა, მასწავლებელი ფირუზა და ხანდახან არამკითზე ძია მურთაზაც. თუმცა ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, ვის/რასაც შეუძლია ჩვენს ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა. სახელმწიფო თავისუფლების სახელით თავს გავხვევს უამრავ შემზღუდავ კანონს, საერთაშორისო საზოგადოება თავისი ეკონომიკური პოლიტიკით, იმიტირებული ომებით და მოგონილი სამშვიდობო ქმედებებით გვაიძულებს შევცვალოთ ქცევის ნორმები, შინაური და გარეული მედიაც ყურში ჩაგვჩხავის და თვალში გვჩრის ისეთ ინფორმაციას, რომელზეც შეიძლება წარმოდგენა არ გვქონდეს.

მედია ჩვენი აღქმის ორგანოებს ეპატრონება. გვიქმნის ხატებს, ღმერთებს, სათაყვანებელ არსებებს, “გვეხმარება” ღირებულებათა ჩამოყალიბებაში, გვაწვდის მზამზარეულ რეცეპტებს, განმარტებებს….

საით მივყავართ ქართულ მედიას? ალბათ ხრამისკენ. გადავხედოთ უკანასკნელ ორ ათწლეულში მედდიის განვითარებას. რამდენ მსგავსებას იპოვით საბჭოთა, შევარდნაძისდროინდელ და პოსტრევოლუციურ მასმედიას შორის? ალბათ ძალიან ბევრს, რამდენიმეს კი თავად შეგახსენებთ: აგრესიული საინფორმაციო პოლიტიკა, პირდაპირი ძალადობა აუდიტორიაზე, თავსმოხვეული აზრები და შეხედულებები, არარსებული გმირების ქება-დიდება, რაც მთავარია, შინაარსდაკარგული საგნები.

მასმედიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართული ეთნოფსიქიკის დესტრუქციაში. მედია-სივრცეში ყველა საგანი დეფორმირებულია, საკუთარი ფორმა აქვს დაკარგული. სიტყვა, რომელიც საგნის ჭეშმარიტ არსს უნდა ასახავდეს და მისი კანონის აღმნიშვნელი უნდა იყოს, სადღაც კოსმოსში გაიჭრა და წარმოუდგენლად დაშორდა რეალობას. სიტყვისა და საგნის ერთიანობა დაირღვა. მაგიდას სკამი დაერქვა, თეთრს – შავი, დეზდემონამ დაახრჩო ოტელი… მოკლედ, სამყარო დეზინფორმაციამ მოიცვა, რაც თავისებურად აისახა ცნობიერებაზეც.

მაგალითები გინდათ? უყურეთ ყოველ დღე ტელევიზიას, და გული მოგიკვდებათ, რამდენად დასახიჩერებული რეალობის ტრანსლაცია ხდება, რა უმოწყალოდაა დაჩეხილი ფაქტები და რბილად რომ ვთქვათ, მოვლენების როგორი არადამაჯერებელი ინტერპრეტაცია ხდება. უკანასკნელი წლების განმავლობაში გაშუქებული ქუჩის საპროტესტო აქციები ამ მხრივ საინტერესო დაკვირვების ობიექტია. ერთ დროს მიტინგზე დგომა პრესტიჟულად და ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მეთოდად ითვლებოდა, მერე ირწმუნეს, რომ სახალხო პროტესტი წმინდათაწმინდა, “ხმა ღვთისა – ხმა ერისა იყო”, ახლა კი დიდი სირცხვილი და დროის კარგვაა.

მედია, რომელიც ეთნოფისქიკის შესაბამის განწყობას უნდა ქმნიდეს, საეჭვო ღირებულებებს ქადაგებს. განსაკუთრებით პოპულარულია გმირობანას თამაში, რომელიც ძირითადად სამხედრო-პოლიტიკურ საქმიანობასთან ასოცირდება. ირაკლი ოქრუაშვილი კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ გადაიქცა ერის მესია სამშობლოს მოღალატედ. გავიხსენოთ ტელეიმედის მოდელირებული ქრონიკაც…. მსგავსი მაგალითები ძალიან ბევრი და მრავალფეროვანია…

შედეგები? ქუჩები სავსეა ტვინგამორეცხილი ახალგაზრდებით, ღვივდება ფაშისტური და ექსტრემისტული განწყობა, ბევრმა ისიც არ იცის ვინ არის და რა უნდა, გაურკვეველია ნაციონალური იდენტობის, ეროვნული იდეოლოგიის არსი და ა.შ. არსებული რეალობა თანდათანობით ჯორჯ ორველის “1984”-ს ემსგავსება. ყველაზე უარესი ის არის, რომ მიმდინარე ტელე-რადიო და ბეჭდური გამოცემები პასუხისმგებლობის გრძნობას აჩლუნგებს.

ამ ყველაფრის ალტერნატივა ინტერნეტ მედიის განვითარებაა. ეს ჯერჯერობით ყველაზე შეუზღუდავი სივრცეა, სადაც ნებისმიერ ინდივიდს შეუძლია საკუთარი შეხედულებების გამოქვეყნება. თუმცა მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ნეტგაზეთები ჯერჯერობით არც ისე პოპულარულია, ბლოგების უმეტესობა კი პირადული ხასიათისაა. გარდა ამისა, ინტერნეტის დაბალი ხელმისაწვდომობა რეგიონებში და მისი სასარგებლოდ გამოყენების არცოდნაც ხელს უშლის ნეტმედიის პოპულარიზაციას. თუმცა, ეს დროებითი ხელისშემშლელი ფაქტორებია და რამდენიმე ხნის შემდეგ შეიძლება საერთოდ გაქრეს.

საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალების განვითარების მთავარი ხიბლი მრავალფეროვანი თემატიკა, არაკონკტროლირებადი საქმიანობა, სიტყვისა და გამოხატვის სრული თავისუფლებაა. აქ შეზავებულია ტელე, რადიო და ბეჭდვითი მედიის თითქმის ყველა კომპონენტი. რაც მთავარია, არაბიუროკრატიული და არაიერარქიული სივრცეა. ადამიანი თავად განსაზღვრავს რის შესახებ რა მოცულობის სტატია დაწეროს, როგორ გააფორმოს იგი და რა დროს გამოაქვეყნოს. სამუშაო საათების მოქნილობა ელექტრონული მედიის ერთ-ერთი უპირატესობაა.

ბლოგერი, რომელიც პოპულარობაზე ოცნებობს, პირველ რიგში, უნდა იყოს აბსოლუტურად განსხვავებული ტელე-რადიო და ბეჭდვითი მედიისაგან – ფორმით, თემით, დამოკიდებულებებით. მიუკერძოებლობა და გამოკვეთილი პოზიცია მკითხველის მოსაზიდად კარგი საშუალებაა. წეროს ბევრი კვალიფიციური სტატია, სასურველია კონკრეტულ სფეროში. შედეგად კი მისი რეპუტაცია და გავლენა თანდათანობით გაიზრდება. ეგებ ქართულ მედიასაც ეშველოს რამე… და ქართულ საზოგადოებასაც…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s