რელიგია, სახელმწიფო და საზოგადოება


ჩვენი სამშობლო საქართველოა. ჩვენ კი ვამაყობთ, რომ ქართველები გვქვია და წინაპრების ნაჯაფარი დღემდე მოვიტანეთ. ვამაყობთ კულტურით, არქიტექტურით, მრავალხმიანი სიმღერით, მრავალტანჯული წარსულით და იმითაც, რომ “ქართველობა ქრისტინობამ გადაარჩინა”. აი ბაგინეთი, სადაც სავარაუდოდ ახ.წ. I-II საუკუნეების ეკლესიის საძირკველია შემორჩენილი, აი ანჩისხატი, VI საუკუნის ძეგლი, აი ბოლნისის სიონი, V საუკუნის საოცარი ქმნილება, აი ჯვრის მონასტერი, რომელიც ქრისტიანობისა და ერთობის სიმბოლოდ აღმართეს მტკვრისა და არაგვის შესართავთან… ბევრია ასეთი ადგილები, რომლებიც თავდაჯერებას გვმატებს და გვაფიქრებინებს, რომ განსაკუთრებული ერი ვართ. ძალიან ხშირად – სუფრაზე, ყოველდღიურ საუბრებში, უცხოელებთან ურთიერთობისას სწორედ რელიგიურ ფაქტორს ვუსვამთ ხოლმე ხაზს. გარკვეულწილად, რელიგიური პრინციპების რეალიზაციასაც ვცდილობთ.

არ არსებობს საზოგადოება რელიგიის გარეშე – არსად, არც ერთ კონტინენტზე ვერ შეხვდებით ხალხს, რომელიც რაიმე ფორმით არ აღიარებდეს უზენაესს და არ მიჰყვებოდეს მის მიერ დაწერილ კანონებს. გამონაკლისი არც ჩვენ ვართ, თუმცა ახლა საკითხი იმის შესახებ კი არ დგას, საჭიროა თუ არა რელიგია დემოკრატიულ საზოგადოებაში, არამედ – რა როლს უნდა ასრულებდეს იგი, რამდენად უნდა იჭრებოდეს ინდივიდის ცხოვრებაში და რა საზღვრებში მოქმედებდეს.

რა როლს უნდა ასრულებდეს რელიგია დღესდღეობით ჩვენს ცხოვრებაში? არცთუისე მარტივი კითხვაა. გასაგებია მისი ისტორიული, პოლიტიკური და ზნეობრივი მნიშვნელობა, ის ფაქტი, რომ იგი ბევრისთვის ცხოვრების საყრდენია, და რომ ის ხშირ შემთხვევაში არეგულირებს ყოველდღიურ ურიერთობებს, ადამიანებს სთავაზობს ქცევის მზა რეცეპტებს. ისიც გასაგებია, რომ მას საკუთარი ინტერესები და პრიორიტეტები გააჩნია. მაგრამ როდესაც არსებობს მრავალეთნიკური სახელმწიფო, რომლის წარმომადგენლებიც ასევე მრავალფეროვანი აღმსარებლობის არიან, სად უნდა მივუჩინოთ ადგილი რელიგიას?

საქართველოში არსებული რეალობა ასეთია:
2002 წლის მონაცემებით,მოსახლეობის 83% შეადგენენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, დანარჩენი კი არიან მუსლიმანები, იუდეველები, იეღოვას მოწმეები, კათოლიკეები და სხვა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები. ამ და სხვა მიზეზების გამოც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას დომინანტური ადგილი უკავია და მრევლზე მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობს. 2009-2010 წლებში სხვადასხვა წყაროების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევები აჩვენებენ, რომ საქართველოს პატრიარქი და/ან ეკლესია მოსახლეობის ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს. იგი გაცილებით უფრო ავტორიტეტული პიროვნება/ორგანიზაციაა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი ან რომელიმე სახელმწიფო ორგანო.

რეალობაა ისიც, რომ თბილისში სხვადასხვა აღმსარებლობის 100მდე ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. გარდა იმისა, რომ თითოეულ მათგანს განსხვავებული ტრადიციები გააჩნია, რელიგიური წესების მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. ამ ფონზე რომელიმე ნებისმიერის მიერ საკუთარი ‘ჭეშმარიტების” აგრესიული ქადაგება, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილგონივრულია.

ნებისმიერი რელიგიის მიზანი ადამიანის ცხონებაა. გარდა ამისა, მათ მიერ დაწესებული ნორმები არეგულირებენ ყოველდღიურ ურთიერთობებს, სამართლებრივ საკითხებს, განსაზღვრავენ ქცევისა და აზროვნების მიმართულებას. რელიგიურობა ცხოვრების წესია და ნებისმიერ ადამიანს აქვს მისი რეალიზაციის უფლება იმ ზომამდე, სადაც სხვის თავისუფლებას, სიცოცხლეს, სიმშვიდეს საფრთხის წინაშე არ დააყენებს.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რელიგიურ ორგანიზაციაზე მეტია. იგი გარკვეულწილად სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი და შემოქმედია. ამისი დასტურია თუნდაც წინასაარჩევნო კლიპებში მრავალგზის გამოჩენილი ეკლესიები ან სამღვდელო პირები; პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლენი, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებსაც ეხება; თვით ის ფაქტიც, რომ საქართველოში ძაააააააალიან ძნელად მოიძებნება არამართლმადიდებელი პოლიტიკოსი. და თუ ასეთი არსებობს, ამის გამო არაპოპულარულია.
ეკლესია წარმოადგენს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ახალგაზრდობის დიდი ნაწილის აზროვნების წარმმართველ ძალას. სამწუხაროა იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში ზღუდავს წარმოსახვის თავისუფლებას, ადამიანებს უბიძგებს აგრესიული ქმედებებისაკენ. შედეგი – სამოქალაქო დაპირისპირება, ხულიგნობის ფაქტების გახშირება, საზოგადოების გახლეჩა და, რაც ყველაზე მთავარია, დემოკრატიულ-სახელმწიფოებრივის მაგივრად თეოკრატიული თვითშეგნების ჩამოყალიბება.
მოცემულ რეალობაში მრავალეთნიკური ქვეყნებისთვის, რომლებიც რელიგიური მრავალფეროვნებითაც გამოირჩევიან, ეს დამღუპველია. მუსულმანური ქვეყნების სახითაც თვალწინ გვაქვს ნათელი მაგალითი იმისა, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს რელიგიური ფუნდამენტალიზმი.

მაშ, ცხოვრების რომელ სფეროში უნდა არსებობდეს აბსოლუტური რელიგიური თავისუფლება?
პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი, კულტურა, ლიტერატურა, არქიტექტურა და ა.შ. უნდა რჩებოდეს სასულიერო ძალაუფლებისაგან დამოუკიდებელ სფეროებად, ეს ის დარგებია, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში უფროდაუფრო მასშტაბური და ხელმისაწვდომი გახდა, გამოვიდა კლერიკალური ჩარჩოებიდან და ჭეშმარიტად სახალხო ბუნება შეიძინა.

ღვთისმეტყველება, ღვთისმსახურება ასევე ხელშეუხებელი უნდა იყოს საერო ხელისფლებისაგან.

გარდა ამისა, რელიგიის მსახურებს დარჩათ:

– ქველმოქმედება – ეს ის სფეროა, რომელსაც საქართველოში კანონი არ არეგულირებს, თუმცა დიდი საჭიროება არსებობს. გაჭირვებულის დახმარება ისედაცაა ნებისმიერ რელიგიის ფუნდამენტი და ეს თუ ორგანიზებულ სახეს მიიღებს, სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის ორმაგად სასარგებლო იქნება.

– უფასო/დაბალფასიანი საავადმყოფოთა ქსელის განვითარება, რომლებიც მოემსახურებიან მაღალმთიან რეგიონებსა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებლებს.

– ქუჩის ბავშვებზე ზრუნვა – რასაც დღესდღეობით თავს ვერ ართმევს ერთობლივი სამთავრობო და არასამთავრობო ძალისხმევა. თბილისში 1500-ზე მეტი მზრუნველობამოკლებული ბავშვია. რელიგიურ ორგანიზაციათა, უფრო კონკრეტულად კი, ეკლესიის მცდელობით ამ რიცხვის განახევრება მაინც შეიძლებოდა.

– ლოთების, მეძავების, ნარკომანების, პატიმრების, უსახლკაროების სარეაბილიტაციო პროგრამებზე მუშაობა. ამ კატეგორიის ადამიანებს საზოგადოება განსაკუთრებული სისასტიკით განიკითხავს და განკვეთავს. თავი დავანებოთ იმას, რომ ღრმარდმორწმუნე საზოგადოებაში ისინი საერთოდ არ უნდა არსებობდნენ. მაგრამ რადგან ჩვენს გარშემო მაინც მრავლად არიან, რელიგიური ორგანიზაციები, განსაკუთრებით კი მართლმადიდებლური ეკლესია თავისი ავტორიტეტით უნდა ცდილობდეს მათ მიმართ უფრო შემწყნარებლური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

დაე, პოლიტიკოსებმა ჩაატარონ არჩევნები; დიპლომატებმა აწარმოონ მოლაპარაკებები; ეკოლოგებმა იფიქრონ გარემოს დაცვაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე; მწერლებმა ახალი სიტყვა თქვან ლიტერატურაში; არქიტექტორებმა ააშენონ თანამედროვე ცათამბჯენები. ღვთისმსახურებმა იზრუნონ მხოლოდ სულის ხსნასა და იმ ადამიანთა (ფიზიკურ) გადარჩენაზე, რომლებიც სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის ყურადღების მიღმა რჩებიან. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ეთნიკური, რელიგიური, შეხედულებათა მრავალფეროვნების და, რაც მთავარია, მშვიდობის შენარჩუნება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s