სამყაროს ციფრული მომავალი


წარმოიდგინე, რომ ერთ მშვენიერ დილას გაიღვიძე და აღმოაჩინე, რომ

– შენი მობილური ზარების მიღება-გასტუმრების ნაცვლად რაღაც გულისგამაწვრილებელ ხმებს გამოსცემს

– მაცივარი, სადაც საყვარელი ნუგბარი გეგულებოდა, ყინულის ნატეხებს გესვრის

– აიპოდი გაურკვეველი წარმოშობის ლექსებით დეკლამატორობს

– მიკროტალღოვანი ღუმელი გაუდაბნოების პროცესის შემაფერხებელი გარემოებების შესახებ კითხულობს ლექციას

– ტელევიზორი მედიტაციას ცდილობს

– ელექტროზარი გაუჩერებლად რეკავს, თუმცა კართან არავინ დგას

– ყველაფერ ამას მეთაურობს ლეპტოპი, რომლის ბრძანებებს დაუფიქრებლად ასრულებენ დანარჩენი ნივთები.

როცა საქმე ერთიორ ეგზემპლარს ეხება, მათი განეიტრალება იოლად შეიძლება, მაგრამ რა მოხება, თუ ქვეყანაში არსებული ყველა სახის ტექნიკა მოინდომებს სამყაროს მართვას? მოკლედ, თუ ელექტროტექნიკა აჯანყდა და გადაწყვიტა საკუთარ გემოზე ცხოვრება; გამოანგრია ბეკოსა და ელიტელის მაღაზიები, დამწკრივდა გზაზე და გაემართა პარლამენტისკენ ციფრული ავტონომიის მოთხოვნით; რომელიღაც მოდელის მტვერსასრუტმა მჭევრმეტყველებით გადააჭარბა ერთად აღებულ ორივე გრეჩიხას; უთოების კაპელამ ახალი ციფრული ჰიმნი დააგუგუნა; მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადეს შინაგან საქმეთა ჯარების შეიარაღებამ და ტექნიკურმა აღჭურვილობამ, ასევე საპატრულო პოლიციის მანქანებმა; შუქნიშნებმა თავი უზარმაზარი სცენის რამპებად ჩათვალეს და შემოქმედებითი თავისუფლება გამოიჩინეს…

ჩვენი სიცოცხლისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილი ხომ თანამედროვე ტექნიკის მიღწევებზეა დამოკიდებული.

მობილური ტელეფონი – კომუნიკაციისთვის

ფლეშკები და დისკები – ინფორმაციის შესანახად

აიპოდი – მუსიკის მოსასმენად

მიკროკამერები – სათვალთვალოდ

მიკროფონები – ხმის გასაძლიერებლად

ჰო, კინაღამ დამავიწყდა – სატელიტური ანტენები კოსმოსში, რომლებიც კონტროლის მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენენ.

რა იქნებოდა სამყარო ყველაფერი ამის გარეშე? ან რა მოხდება. თუ როლები შეიცვალა და ადამიანი განმკარგველიდან შემსრულებლად გადაიქცა?

თანამედროვე ამერიკული კინემატოგრაფია ხელოვნური ინტელექტის განვითარების არც ისე სახარბიელო სურათებს გვიხატავს – იგი ადამიანებსა და რობოტებს შორის დაუნდობელ ომამდე მიდის. რეალურია ეს პერსპექტივა? ვფიქრობ – კი. ზღაპრებში არსებული მფრინავი ხალიჩა თუ თვითმფრინავად გადაიქცა, ჰაერში ჩამოკიდებული კოშკი კი ცათამბჯენად ან კოსმოსურ თანამგზავრად, ისიც შესაძლებელია, რომ ერთ დღესაც საყოფაცხოვრებო გადაწყვეტილების მიღება პულტის ან რობოტის კომპეტენციაში გადავიდეს. თუმცა კიდევ უფრო რეალურია ტექნიკისა და კაცობრიობის შეხმატკბილებული ცხოვრება.

ფილმებში მოაზროვნე ტექნიკა მონსტრადაა გამოყვანილი. რეჟისორები მას მომავლის ფრანკენშტეინად გვიხატავენ, რომელსაც შემდეგ მისივე შემქმნელი კაცობრიობა ანადგურებს. მოდი სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ:

– რა უფრო დამღუპველია, ზუსტი კალკულაცია თუ მასობრივად გაჩეხილი ტყეები?

კომპიუტერს შეუძლია მოახდინოს ადამიანის, ან საფრთხის იდენტიფიკაცია, რისკების გამოთვლა, მრავალი სხვა ფუნქციის შესრულება. ამიტომ წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ ქაღალდის წარმოება მთლიანად რობოტების ხელში გადავა. ამ შემთხვევაში მოიჭრება ზუსტად საჭირო რაოდენობის ხე, ან ეფექტურად გადამუშავდება მაკულატურა. შესაბამისად, მეტი ხე და სუფთა ჰაერი გვექნება, აღარ შეგვაშინებს მოსალოდნელი მეწყერები, მიწისძვრები, წყალდიდოებები… დაე, კომპიუტერმა გამიკეთოს ჰამბურგერი, ხინკალი ან შემიწვას კარტოფილი, გაყიდოს სოფლის მეურნეობის პროდუქტები. ასეთ შემთხვევაში აღარ შემეშინდება უხარისხო საქონლის, ან წონაში მოტყუების. მყავდეს მექანიკური დამლაგებელი, რომელიც ჩემს არეულ ბინას მიხედავს ხოლმე, მე მეტი დრო მექნება მეგობრებთან სახალისოდ, ან მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ. სიამოვნებით ვიყოლიებდი პაწუკა მფრინავ მდივანს, რომელიც ჩემს თითოეულ სიტყვას ჩაიწერდა და ბლოგზე დადებდა, ან სამეცნირო კონფერენციისას მიკარნახებდა დავიწყებულ დეტალს… იარსებონ რობოტებმა, იაზროვნონ თავისებურად და შექმნან უსაფრთხო გარემო. ნუ დავუეჯრებთ ამერიკელ რეჟისორებს – ისინი ხშირ შემთხვევაში აჭარბებენ ხოლმე. ყველაფერი, რაც ხდება, ადამიანის უპასუხისმგებლობის შედეგი უფროა, ვიდრე ტექნიკური გაუმართაობის.

თქვენ რას იტყვით? კაციბრიობის დამღუპველ ქმედებებს არ სჯობია ტექნიკის დომინირება?

2 thoughts on “სამყაროს ციფრული მომავალი

    • ყველაზე მეტად ჩემი მობილურის “მეშინია”, პირი თუ გააღო, ვის რას ეტყვის ღმერთმა უწყის :))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s