მიწისქვეშა თბილისი


ასფალტზე ფერად-ფერადი მანქანები დადიან. მათ ლამაზ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალები და მამაკაცები მართავენ. ისინი ყოველ დღე საწვავით ავსებენ ბაკს და ფარავენ მანძილს
– სახლამდე
– საბავშვო ბაღამდე
– ქალაქგარეთ მდებარე აგარაკამდე
– აეროპორტამდე
– სასამართლომდე
– სასაფლაომდე
– საავადმყოფომდე
– უნივერსიტეტამდე
– კინოთეატრამდე, რათა მსოფლიო პრემიერა საკუთარი დასწრებით გააბედნიერონ
– გამომცემლობამდე, ლექსების ახალი კრებულის მოსამზადებლად
– სასტუმრომდე
– მეზობელი კვარტლის ბოლოს მდებარე სასურსათო მაღაზიამდე…

ქუჩაში დადიან მხიარული გოგო-ბიჭები
კაფეებში სხედან უდარდელი ადამიანები, ან საკაცობრიო სევდით მოცული ეგოისტები
მხატვარი უკანასკნელ შტრიხებს ავლებს ლამაზი ქალის პორტრეტზე
სადღაც ყმუილით ჩაივლის საპატრულო მანქანა
სიგარეტის ნამწვებს აგროვებს “ჩემი ქალაქის მეეზოვე”
ტრანსპორტის ახალ სახეობაზე – ძროხოციკლზე მესაუბრება მეგობარი

ეს ის თბილისია, რომელსაც ყველა ვხედავთ და რომელიც ყველას გვიყვარს. არის კიდევ უჩინარი თბილისი, რომელიც გაზეთის ფურცლებზე, სატელევიზიო არხებზე არასოდეს აირეკლება “პატიოსანი” მოქალაქეების უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს მის შესახებ. მიწისქვეშა თბილისი საზოგადოების გარიყული ნაწილის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილია. მის მკვიდრებს დეპუტატობის კანდიდატები საარჩევნო პროგრამას არ უზიარებენ. ისინი არც არჩევნებზე მიდიან. თეატრის, კინოს, სახელმწიფო მოხელეების, საზოგადოებრივი ტუალეტების კარიც კი მათთვის ყოველთვის დაკეტილია.

ისინი მრავალრიცხოვანი არიან.
დგანან მიწისქვეშა გადასასვლელებში, მეტროს სადგურებში, დაეხეტებიან ვაგონიდან ვაგონში. ვაგზალზე, მეორე ხაზზე გადასვლისას გუშინ 6 უმწეო ადამიანი დავითვალე: უსინათლო მამაკაცი; ცალფეხა ინვალიდი; რიდეთი სახედაფარული შავოსანი ქალი; ორი მოხუცი კაცი, თითქმის უძლური; ბებია, რომელსაც მუხლებზე 5-6 წლის გოგონა ჩამოესვა. ბავშვი ვერ ისვენებდა და ხელში შეჩეჩებულ ჭყვიტინა სათამაშოს აწვალებდა.

რამდენიმე წლის წინ მეტროს ვაგონებში პატარა ბიჭი დადიოდა. ეცვა რამდენიმე ზომით დიდი შარვალი, ტოტებაკეცილი, საშინლად ბინძური და ჩაჩაჩული. ყოვლად უნიჭოდ გაჰკიოდა სიმღერას დედაზე. მერე უცებ ჩამოირბენდა და კანტიკუნტად მიწოდებულ ხურდებს აგროვებდა. სახე მუდამ დაუბანელი, ცინგლიანი ჰქონდა, სახელოები – მოკლე ან დალაქავებული; ან ორივე ერთად. ცოტა რომ მოიზარდა, მეტროდან გაქრა, ალბათ ქურდობაზე გადავიდა, ან წებოს სუნთქვაში მეტისმეტად გაერთო და…

თავისუფლების მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელში კარდონის ყუთის ნაგლეჯი გხია. მასზე პატარა ქალი მოკუნტულა და გულსაკლავი ხმით მღერის. არ ვიცი, ახერხებს თუ არა იმდენი ხურდის შეგროვება, სული რომ გადაიტანოს მომდევნო მზის ამოსვლამდე…

აქვე, მეორე ამოსასვლელში კიდევ ერთი ადგილია, სადაც უმწეო მოხუცები დგანან ხოლმე. ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე… ეს ინკოგნიტო პროტესტის ადგილიცაა – ვიღაცას დიდი ასოებით მიუწერია: კულტურა გვშია! რას ნიშნავს კულტურის შიმშილი, ვერ გეტყვით, მაგრამ მის გვერდით ატუზულ ადამიანს ნამდვილად აწუხებს დაუოკებელი შიმშილის გრძნობა… სხვა შემთხვევაში აქ რა გამოიყვანდა ლუკმა პურის სათხოვნებლად?…

ზოგს კულტურა შია, ზოგს - ლუკმა პური

საღამოობით, როცა ყველა სახლში ან გასართობად მიეშურება, ამავე მიწისქვეშა გადასასვლელში სახელდახელო დახლებსაც ალაგებენ. გამყიდველები ადგილს სხვებს უთმობენ – ისინი “ადგილობრივი” უსახლკაროები არიან. იკრიბებიან, ერთ ადგილას აგროვებენ მცირეოდენ საჭმელს და სვამენ… ეს ჩვეულებრივი ქართული სუფრაა – თამადით, სადღეგრძელოებით. ყანწის მაგივრობას ნაგავში ნაპოვნი ერთჯერადი ჭიქა, ან გადაჭრილი პოლიეთილენის ბოთლი სწევს… წვერებიანი, ბინძური მამაკაცები ერთიმეორის მიყოლებით სვამენ არაყს და საუბრობენ პოლიტიკაზე, ცხოვრებაზე… ისინი ყურადღებას არ აქცევენ მათი დანახვით შემცბარ გამვლელებს, გარკვეულწილად ემიჯნებიან იმ საზოგადოებას, რომელსაც მათი ბედი ფეხებზე ჰკიდია.

ეს ხალხი არის ერთდროულად ჩვენი გამოწვევაც და შესაძლებლობებიც. ყველა მათხოვრად არ დაბადებულა. მათ ბევრი რამ შეუძლიათ. ჩვენი გულგრილობა ქურდობისკენ, კაიფისკენ, ათასი მამაძაღლობისკენ უბიძგებთ. საკუთარ თავს ვკითხოთ: დრო ხომ არაა გამვძვრეთ თბილი ნაჭუჭიდან და ადამიანებზე ზრუნვა ვისწავლოთ?… მიწისქვეშა თბილისიც დედაქალაქის ნაწილია, მისი მკვიდრები – სრულფასოვანი მოქალაქეები. რატომ არ მივცეთ საკუთარი უფლებებისა და ნიჭის რეალიზების საშუალება?…. რატომ არ მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ, როგორც ოჯახის წევრს, მეგობარს, მეზობელს, ახლობელს? ან უბრალოდ, როგორც თანაქალაქელს? … რატომ?…

One thought on “მიწისქვეშა თბილისი

  1. როგორც იქნა, კარგი პოსტი დღეს! მე სისტემური ზრუნვის მწამს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s