რატომ არ ვწყალობ მწერალთა კავშირს


რა დაგიშავეს მოხუცებმაო, გულდაწყვეტილად მკითხა როდრიგომ მეზობელ ბლოგზე, როცა მწერალთა კავშირზე დავწერე რით ვერ დასამარდა-მეთქი ერთხელ და სამუდამოდ ეგ ცოცხლად მკვდარი ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ზოგადად მოხუცებს არაფერს ვერჩი. ისინი ძალიან კეთილები და საყვარლები არიან. მწერალთა კავშირზე კი არცთუ სახარბიელო აზრის ვარ. ეგ იყო საბჭოთა დროს ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, რომლის საშუალებითაც ჩაჩექმეს ლიტერატურა. მისი სახით არსებობდა ერთგვარი კომბინატი, რომელიც ჰომო სოვეტიკუსის ფორმირებისათვის ძლიერ იდეოლოგიურ ინსტრუმენტს წარმოადგენდა. პარტკომები და იდეოლოგები უსაზღვრავდნენ ხუთწლედის გეგმებს და კავშირის წევრებიც დიდი მონდომბით ცდილობდნენ მათ გადაჭარბებით შესრულებას. აქ თითქმის ყველა დიდი მონდომებით უმღეროდა საბჭოთა მიღწევებს, წინსვლას, არარსებულ სოციალიზმს. მწერალთა კავშირში გაერთიანებული იყვნენ ბუმბერაზი მწერლები-ც (მცირერიცხოვანი), თუმცა უმეტესობა უხარისხო მაკულატურას ამრავლებდა. გემოვნებიანი მკითხველისათვის შეურაცხმყოფელიცაა საბჭოთა პერიოდში გამოცმულ ლიტერატურის დიდი ნაწილის კითხვა. ეს არის შინაარსობრივად განურჩეველი, ერთ ყალიბზე მორგებულ ნაწარმოებთა კრებულები: ძველი გადმონაშთების წინააღმდეგ ბრძOლა, მონანიე კულაკები, დაჩქარებული ტემპებით მშენებლობა, საყოველთაო კეთილდღეობა, მიწა – კოლექტივებს, შრომადღეებზე პრემიები – მუშებს და ა.შ. თითებზე ჩამოსათვლელი ნათელი წერტილებია, რომლებმაც როგორღაც მოახერხეს და დაარღვიეს დაწესებული დამპალი ჩარჩოები. თუმცა ამ მწერლებს არასახარბიელო ხვედრი ერგოთ: კავშირიდან გარიცხვა (რაც ფაქტიურად წერის შეწყვეტას ნიშნავდა, იმიტომ რომ არც ერთი გამომცემლობა აღარ მიიღებდა მის ნაწერებს), სამარცხინო ბოძზე გაკვრა, “ამხანაგური” სასამართლოები, მილიონიან ტირაჟიან გაზეთში გაკიცხვა და ა.შ. ეს იყო თავისუფალი აზრის განადგურების მანქანა. მწერალთა კავშირის წევრები შეეჩვივნენ იმას, რომ მხოლოდ ისინი ქმნიდნენ “ლიტერატურას” და განსაზღვრავნენ მწერლობის თემას, მიმდინარეობას და ა.შ.

დაიშალა საბჭოეთი და ჯერ კიდევ ფეხზე დგას მწერალთა კავშირი😀 თუმცა იქ ღირებული ლიტერატურა აღარ იქმნება, და ვეღარც რაიმე განისაზღვრება. ცხოვრებას ძალიან ჩამორჩა. კავშირის წევრი უკანასკნელი თაობა არის საბჭოთა პერიოდიდან ინერციით წამოსული, ინოვაციების მოწინააღმდეგე ძველგაზრდების ჯგუფი, რომელიც ხშირად ტენდენციურია და სახელისუფლებო პოზიციების მხარდაჭერისაკენ დაუოკებელ ლტოლვას ავლენს. ცდილობს რომ საზოგადოებამ აღიქვას, როგორც ლიტ. პროცესების წარმმართველი მთავარი ძალა. ეს დაჯილდოვებებიც, პრემიებიც ამისი მაგალითია. თუმცა რეალობა განსხვავებულია.

ახლა მწერლობა პარტიისაგან გათავისუფლებულია, არც ერთი თანამედროვე მწერალი/პოეტი მწერალთა კავშირის წევრი აღარაა. ყველა დამოუკიდებლად წერს, ან საკუთარი ინტერესების მიხედვით, მცირერიცხოვან “ორდენს” აყალიბებს. იდეები ხშირად ძალიან თამამი და მიუღებელი შეიძლება ჰქონდეთ, თუმცა ესაა თვითმყოფადი და თვითგანვითარებადი მწერლობა, რომელიც ჩარჩოებს ვეღარ იტანს. მწერალთა კავშირს, როგორც ორგანიზაციას, მომავალი არ აქვს. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა მისი გადარჩენა, თუ მისი ნაჩალნიკობა ფეხს აუწყობდა მიმდინარე ცვლილებებს და აქტიურად ჩაებმებოდა ლიტერატურულ პროცესებში, მიიღებდა ყველა სიახლეს, მოიზიდავდა ბევრ თამამ ახალგაზრდას, თავის რიგებში დაუშვებდა აზროვნების, თემატიკის მრავალფეროვნებას და ა.შ. მხოლოდ ასე ჩამოყალიბდებოდა ლიტერატურული მონსტრი, უზარმაზარი გავლენით საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

ახლა კი მისთვის ერთადერთი პერსპექტივა არსებობს – იგი გარდაიცვლება ხანდაზმულ წევრებთან ერთად.

4 thoughts on “რატომ არ ვწყალობ მწერალთა კავშირს

  1. გეთანხმები რაღაცეებში ;))
    კარგია ასეთი პოსტის სახით, რომ გამეცი პასუხი ;))

  2. ‘დაბერება’ და მძიმე წარსული ისეთი პრობლემა არაა, როგორც სწორედ მონსტრობა. ალტერნატიული ჯგუფები უნდა შეიქმნას (მხოლოდ ‘კონტრკულტურული’ და მარგინალური არა). თორემ თავისთავად ბუნებრივია, მწერალთა კავშირის მსგავსი რამ არსებობდეს

  3. მწერალთა კავშირის ასე ცალსახად უარყოფა სწორი არაა. კავშირის წევრი იყო ჯავახიშვილიც, თუმცა სწორედ ამ კავშირმა გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი.
    მწერალთა კავშირში მოიკლა თავი პაოლო იაშვილმა.
    მწერალთა კავშირში დაგმეს და მოიძულეს გრიგოლ რობაქიძე.
    მანდვე მოხდა ტიციანის, პაოლოს და ჯავახიშვილის რეაბილიტაცია.
    მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომებზე მწერლების პოლიტიკური შეხედულებების განხილვა ნორმა იყო, მაგრამ ამას გარკვეული მიზეზები ჰქონდა, ყველამ ვიცით. მოკვდა ბერია და ეგ ეპოქა დასრულდა.
    მწერალთა კავშირმა უამრავი დაკარგული პოეტის რეაბილიტაცია მოახდინა, მაგრამ საკუთარ თავს ვეღარაფერი უშველა.
    რატომ? იმიტომ, რომ ისევ იქაა, ჩარჩა. სიახლე სჭირდება და მეორე სიცოცხლე.
    ვახტანგ ჯავახაძე გამახსენდა..
    პირველად კავშირის სხდომაზე რომ მივედი, გალაკტიონი დავინახეო.
    გამსახურდიას თავისი სავარძელი ჰქონია, წინ. გალაკტიონი მეოთხე რიგის ბოლოს იჯდა თურმე და ეძინა.
    სხდომა გაიხსნა თუ არა, გალაკტიონმა გაიღვიძა, ადგა და წავიდა.
    ნუ, ისტორიაა მაინც..
    ნეკროფილი ვარ.

  4. აღასპერ, კონსტანტინე გამსახურდიასა და მსგავსი ამბები მეც ვიცი. ჩემი ამოსავალი წერილი იცი რა არის? რომ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ორგანიზაცია, რომელმაც ჩაკლა მრავალი ნიჭიერი ადამიანი, და როცა შანსი ჰქონდა, ინოვაციებსაც ვერ (თუ არ) აუწყო ფეხი. ამ ყველაფერმა გარკვეულწილად გადაფარა ის დადებითიც, რაც მწერალთა კავშირმა გააკეთა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s