Ave Gijmaj! თაყვანი მეცით, თქვენი ახალი ღმერთი ვარ!!!


მოდი შევქმნათ ფანკლუბები. მე – შენი, შენ კი – ჩემი. შენ დაწერ ლექსებს, რომელიც სულში გამიჯდება (თუკი ასეთი რამ საერთოდ გამაჩნია), მე კი ქალაქის ცენტრში დაგიდგამ უზარმაზარ ძეგლს. მას ექნება სრულიად გაუგებარი ფორმა და ასტრონომიული ღირებულება. მაშინ კი ყველა იწამებს, რომ მე ვარ ღმერთი, შენი შემოქმედი, შენ კი ჩემი ქერუბიმი. შემდეგ მომიძღვნი უამრავ ქებათა ქებას, მასები კი შესძახებენ გულმხურვალე ალილუიას. ისინი მდაბლად მოიხრიან ქედს ჩემს წინაშე და მოწიწებით თაყვანს მცემენ.

კიდევ ერთი ღმერთი მოევლინება ქვეყნიერებას.

დაწესდება ახალი დღესასწაულები, სადაც ადამიანები დაუნანებლად შემწირავენ ზვარაკად უძვირფასესს და დაუბრუნებელს – დროს. ისინი ღამეებს გატეხავენ ჩემი ქადაგებების კითხვაში, რომელთაც წიგნად გამოვცემ. დროთა განმავალობაში ჩემი ტომეულები დაამძიმებენ ძველმოდური წიგნების მაღაზიების თაროებს, ხოლო ინტერნეტში მათი მოცულობა ყოველდღიურად გაიზრდება ტერაბაიტებით. მსოფლიოს ყოველი კუთხიდან ჩამოსული თაყვანისმცემლები ეწვევიან ჩემს მიყრუებულ სოფელს და მოწიწებით ეთაყვანებიან ჩემს ნაფეხურებს. ზოგიერთი ქურდულად მიმოიხედავს, და როდესაც დარწმუნდება, რომ არავინ უყურებს, სასწრაფოდ გააპარებს ჯიბისკენ კენჭის ნატეხს, რომელზეც ოდესღაც დამიფურთხებია. მავანი საავადმყოფოს ექთნები რუდუნებით შეინახავენ ერთ დროს ჩემს მიერ საანალიზოდ ჩაბარებული შარდის ნარჩენებს. იმის წარმოდგენაც კი გაუჭირდებათ, რომ 1047 წლის შემდეგ რომელიღაც თაობას ჩემი სახელი არ ეცოდინება.
იმიტომ, რომ ადამიანებს კერპები უკვდავები ჰგონიათ, მათი ყოველი საქმე კი – სასწაული. ისინი ყოველ დღე იგონებენ თაყვანისცემის ახალ-ახალ ობიექტებს, მათ პოპულარობის მძიმე ტვირთს ჰკიდებენ. კერპის შექმნა იოლია, მთავარია მოინდომო და ცხოვრების ნებისმიერ სფეროში დაამტკიცო შენი უნიკალურობა. აჩვენე ხალხს, რომ განსაკუთრებული ხარ და შენს შესახებ დაუყოვნებლივ ალაპარაკდება რადიო, ტელევიზია, დაიწერება უამრავი სტატია პრესაში, ბლოგებზე, შენი სურათი განთავსდება ბილბორდებზე, მეტროს რეკლამებში, ფეშენებელური ჟურნალების გარეკანებზე, უფასო ტუალეტების შესასვლელებთან, VIP მოსაწვევებზე, შენს შესახებ ჩახრინწული ხმით იმღერებენ გამოუსწორებელი ლოთები, გახდები პოეტების, ნარკომანებისა და სექსუალურად დაუკმაყოფილებელთა ამოუწურავი ფანტაზიების შთაგონების წყარო; ბოლოსდაბოლოს ხელი დაგეღლება ავტოგრაფების კეთებით და მდივანს დაიქირავებ ფაქსიმილეს სატარებლად…

იმიტომ, რომ შენ იქნები მასების ახალი კერპი.

კითხვაზე, რომელია ყველაზე გავრცელებული რელიგია მთელ მსოფლიოში? – ადამიანთა უმრავლესობა სტატისტიკური მონაცემების მოშველიებით ცდილობს დაადგინოს ქრისტიანები არიან ესენი, მაჰმადიანები, ბუდისტები, შინტოისტები, მარქსისტები თუ ანანისტები… ამ ჩაკეტილი ხედვის გამო ვერავინ ამჩნევს, რომ სამყაროს ცენტრალური ადგილი თავად ადამიანმა დაიკავა. მან წარმოსახვიდან გააძევა ყოვლისშემძლეს ხატება და მიმდინარე პროცესების მართვაზე პასუხისმგებლობა თავად აიღო. ცივილიზაცია გახდა ჰუმანოცენტრული. ყველა კულტურამ შემოქმედად სწორედ ადამიანი გამოაცხადა. იაპონურმა შინტოისტებმა გარდაცვლილი წინაპარი გააღმერთეს და მათ ცოცხლად დარჩენილების მფარველობის ფუნქცია დააკისრეს. ქრისტიანობამ შექმნა წმინდანები, რომლებსაც სასწაულმოქმედებათა ძალა მიანიჭა. იუდაიზმმა წინასწარმეტყველთა თაობების საშუალებით შეძლო ხალხის მართვის მექანიზმის ჩამოყალიბება. ისლამმა წინასწარმეტყველი მუჰამედის შემდეგ ხალიფატი, თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში კი ღვთის ნების აღმსრულებელი შაჰიდები შემოგვთავაზა…

ჩვენს სამყაროში ღმერთის ადგილი აღარ დარჩა. მთელი სააზროვნო და გეოგრაფული სივრცე ადამიანმა შეავსო.

ფესვი მყარად გაიდგა კერპთაყვანისმცემლობის ყველაზე თანამედროვე გამოვლინებამ, ნეორელიგიამ – ჰუმანიზმმა. მან სამყაროს გვირგვინად ადამიანი აღიარა და ყველა საშუალება გაამართლა მისთვის კომფორტის შესაქმენლად. ჰუმანიზმის მიმდევრები თავს “პროგრესულ პიროვნებებს” უწოდებენ. ისინი ბევრს საუბრობენ მორალზე, რელიგიაზე, მაღალ იდეალებზე, სწორად მოქცევაზე და თამამად აცხადებენ:

“შენი ღმერთი შენი სინდისია, დაუჯერე სინდისს და ღმერთთანაც მართალი იქნები”

“დედაშენი არის ღმერთი” – და კიდევ რამდენი პერსონოფიცირების მცდელობა იმისა, ვინც მოსეს საშუალებით ადამიანებს განუცხადა:
“მე ვარ უფალი, ღმერთი შენი და არა იყვნენ სხუანი ღმერთნი თვინიერ ჩემსა გარეშე”. ახლა ადამიანები თაყვანს სცემენ არა მხოლოდ ოქროს ხბოს, სპილენძის გველს ან ვირს, არამედ ფეხბურთელებს, მოდელებს, სპორტსმენებს, კოსმონავტებს, სერიულ მკვლელებს, ტრაქტორისტებს, ფსიქოპათ მანიაკებს, ტვინნაღრძობ იდიოტებს, ექსტრემისტ რელიგიის მსახურებს, ტასქსის მძღოლებს, აღვირახსნილ ბოზებს, ქვეშაფსია ახალშობილებს… არჩევანი წარმოუდგენლად დიდია და ნებისმიერ, ყველაზე პრეტენზიულ ფანტაზიებსაც კი აკმაყოფილებს.

“ღმერთის ადგილი ვაკანტურია,
XXI საუკუნე ეძებს ახალ ღმერთს” – ეს მხატვრული სახე კი არა, ფაქტის კონსტანტაციაა.

ყველაზე თანამედროვე რელიგიამ, ჰუმანიზმმა ბოლომდე მანც ვერ ჩანაცვლა ყოვლისმცოდნის, ყოვლის შემძლესა ყოვლადმოწყალის ხატებანი. დაზვერვის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტი მხოლოდ უნიათო მინაბაძები აღმოჩნდნენ.  კერპების სიმრავლემ ხალხი დააბნია და მორალის სადავეები შეუსუსტა. საგონებელში ჩავარდნილმა ვერ გადაწყვიტა ვინ უფრო მეტად უნდა გაეღმერთებინა – დანტე თუ მისმიერ აღწერილი ჯოჯოხეთის ბინადრები; სერვანტესი თუ დონ კიხოტი; დაუოკებელი სექსუალური ლტოლვების მქონე ეკატერინე II თუ გაურკვეველი ღიმილით დამშვენებული ჯოკონდა…

და მაინც, ჰუმანიზმი – ერთადერთი რელიგიაა, რომელიც გასაგებია მსოფლიოს ნებისმიერი მცხოვრებისათვის, მიუხედავად მისი რასისა, სოციალური, პოლიტიკური, რელიგიური შეხედულებებისა, გემოვნებისა, გენეალოგიისა და ა.შ. შეიძლება იგი გახდეს მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის მიღწევის საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველას თავისი მიეცემა:
კეისარს – კეისრისა და ღმერთს – ღვთისა.

One thought on “Ave Gijmaj! თაყვანი მეცით, თქვენი ახალი ღმერთი ვარ!!!

  1. ეს გიჟმაჟის სულია🙂

    გიჟმაჟი პიროვნება არაა.ის ყველაფრის სათავეა, ის ჰიგსის ბოზონია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s