მწერლები და მკითხველები


ქრისტეშობამდე და მას შემდეგ კიდევ 1900 წელზე მეტი ახალი ამბები, ლიტერატურული შედევრები უბრალო ხალხს ზეპირად გადაეცემოდა. ამიტომ შეიქმნა ამირანის შესახებ მითის 94 და ვეფხისტყაოსნის რამდენიმე ხალხური ვარიანტი. მსოფლიო მნიშვნელობის ფოლკლორული შედევრების მთელი რიგი ვარიანტებიც.

წარმართული ხანის ქართული მწერლობის ნიმუშებზე ბევრი არაფერი მახსენდება, ის კი ვიცი რომ ქრისტიანობამ განავითარა წიგნიერება. ქრისტეშობიდან დაახლოებით X საუკუნემდე წერა-კითხვის ცოდნა და მწერლობა ძალიან ვიწრო წრის – სასულიერო წოდების პრეროგატივა იყო. ამიტომაცაა, რომ ჰაგიოგრაფიის განვითარების პარალელურად არ ხდება საერო ნაწარმოებების შექმნა. ადრეული სამწერლობო ნიმუშები (პროზაც და პოეზიაც) მკაცრ საეკლესიო დოგმებს ემორჩილება და მხოლოდ სასულიერო საზომით იზომება. ჰაგიოგრაფია და ჰიმნოგრაფია ფორმისა და შინაარსის მხრივ დროთა განმავლობაში იხვეწება, მხატვრული სახეებით მდიდრდება. იოანე საბანისძის “აბო ტფილელის წამება”, მაღალ ისტორიულ ღირებულებასთან ერთად, რიტორიკული და მხატვრული აზროვნების შედევრიცაა. მიქაელ მოდრეკილის, გრიგოლ ხანძთელის სასულიერო ჰიმნები, უდაოდ, ორიგინალური და ნიჭიერი ნამუშევრებია.

ამ პერიოდის (X საუკუნემდელი) თარგმანებიც უპირატესად სასულიერო ხასიათისაა: სახარება, წმინდანთა ცხოვრებანი, ტიპიკონები… მკითხველთა წრე საერო და სასულიერო არისტოკრატიით განიზაზღვრება, უბრალო ხალხმა წერა-კითხვა არ იცის.

XI-XII საუკუნეები ორიგინალური საერო მწერლობის გაფურჩქვნის ხანაა. რუსთაველის, მოსე ხონელისა და შავთელის დასახელებაც კი კმარა ამ ეპოქის სურათის შესაქმნელად. საერო მწერლობის განვითარება ემთხვევა მდგრადი სოციალურ-პოლიტიკური გარემოს, დიდებულთა მყარი მდგომარეობის შექმნას. ამ დროს მწერლობა სცდება სასულიერო ფარგლებს, ფართოვდება მისი თემატიკა, მაგრამ იდეალების თვალსაზრისით ზეციდან მიწას უახლოვდება: თუკი ადრე ჰაგიოგრაფიის ობიექტი იყო ადამიანის სულიერი სამყარო, მიზანი კი – ღმერთთან მიახლოება და საუკუნო ცხონება, საერო ლიტერატურამ სახელმწიფოებრივი აზროვნების პოსტულატები შემოიტანა. ჰაგიოგრაფიაში ყურადღება ექცეოდა პიროვნების თავგანწირვას, მის მიერ უარის თქმას საკუთარ მე-ზე სხვა ადამიანების, საზოგადოების სასარგებლოდ. საერო ლიტერატურაში კი თავგანწირვის აუცილებლობის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა და მისი ადგილი რომანტიკულმა თავგადასავალმა დაიკავა, თუმცა გარკვეული დოზით მასში მაინც დარჩა რელიგიურ-ფილოსოფიური შეხედულებები.

XIII-XVIII სუკუნეები გამოირჩევა ორიგინალური მწერლობის სიმწირით, ერთი მხრივ, ხოლო თარგმანების, ინტერპოლაციების, გადაწერილი ნაწარმოებების სიუხვით, მეორე მხრივ. ეს ეპოქა საინტერესოა იმითაც, რომ მწერლობა ბერების სენაკებიდან და მეფის კარიდან შედარებით დაბალ სოციალურ საფეხურზე – აზნაურებშიც იკიდებს ფეხს. ამას კი XVIII საუკუნის დასაწყისში ქართლში სტამბის დაარსების აუცილებლობა მოაქვს. ესაა ქართული მწერლობის გამოცოცხლების საუკუნე, “დავითიანისა” და “სიტყვის კონის” შემოქმედი. ამავე დროს, საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის ძიებისა და პოვნის გარდამტეხი მომენტი.

XIX საუკუნემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მოიტანა, საყოველთაო განათლებისაკენ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა მწერლობა, ძირითადად, მაინც რჩებოდა მაღალი სოციალური ფენის პრეროგარივად. ამ პერიოდში მწერლობა და საზოგადო მოღვაწეობა სინონიმები ხდება, რიგი გაზეთების დაარსების შემდეგ ბეჭდური სიტყვა უბრალო ხალხამდე აღწევს. ესაა იდეების, კონცეფციების, სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებებისა და მხატვრული ლიტერატურის ნაზავი, XIX საუკუნის მწერალი ერთდროულად წერს პროზას, პოეზიას, პუბლიცისტიკას და ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას სხვადასხვა ევროპული ენებიდან. ესაა საერო მწერლობის ზეობის ხანა. სასულიერო ნაწარმოებებს ჩრდილავს მხატვრული ლიტერატურა, დრამატურგია და პუბლიცისტიკა, რომელიც წასაკითხად ხელმისაწვდომი ხდება დაბალი სოციალური ფენებისთვისაც. თუმცა ისინი ძალიან მცირე მონაწილეობას იღებენ მის შექმნაში. ესაა მწერლობის გახალხურების დასაწყისი, თუმცა იგი ძირითადად მაინც რჩება ელიტარულ პროფესიად.

XIX-XX საუკუნეების მიჯნა გარდამავალი ხანაა ქართულ მწერლობაში. შექმნილი სოციალურ-პოლიტიკური გარემო, იდეებისა და სტამბების სიმრავლე ამ სფეროში დიდი პლებეური ნაკადის შემოჭრას იწვევს, თემატიკა რომანტიკული თავგადასავლიდან ყოველდღიურ ყოფით პრობლემებამდე დაიყვანება და ლიტერატურა პოლიტ. პლატფორმის გამოხატვის, განმტკიცების ინსტრუმენტად იქცევა. ესაა ძველი და ახალი სტერეოტიპების შეხლის, დამხობისა და დაკვიდრების ეპოქა, მამათა და შვილთა ღირებულებათა ბრძოლა.

XX საუკუნეს საერო და სასულიერო არისტოკრატიის განადგურება მოაქვს. ინგრევა ტრადიციული ნორმები, ფორმები, სახეები, შეხედულებები და მათ მაგივრად მკვიდრდება ახალი. მწერლობა ხდება სახალხო ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით: სახალხო მწერალი უბრალო, გასაგები ენით წერს საშუალო-სტატისტიკური ადამიანის ყოველდღიურ ყოფაზე, თუმცა მისთვის უცხოა ყოფიერების არსის შესახებ ღრმააზროვანი ფიქრები და წიაღსვლები. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ხდება სახელმწიფოს მიერ მწერლობის მონოპოლიზება, ლიტერატურაში ხუთწლედების გეგმების დასახვა და გადაჭარბებით შესრულება, პროზის, პოეზიის, დრამატურგიის სამშობლოს სიყვარულის პათეტიკით გაჟღენთვა. ამავე დროს, სამშობლოს, მამულის ცნების ორაზროვანი გაგება – ორმაგი სტანდარტები (დიდი და პატარა სამშობლო: საბჭოთა კავშირი და საქართველო). ამ პერიოდის ქართული მწერლობა ჩაკეტილ სივრცეში ვითარდება, ამიტომ მასში ვერ იჭრება ევროპაში მიმდინარე ლიტ. პროცესების გავლენა. ლიტერატურის განვითარების ფორმებსა და მიმართულებებს პარტიული ნომერკლატურა განსაზღვრავს.
საუკუნის მიწურვასთან ერთად ძლიერდება პროტესტი დაკანონებული (ლიტ.) წესრიგის მიმართ და, ამასთან ერთად, თამამი ინდივიდუალისტური ძიებები ახალი ფორმების, მიმდინარეობების. დისიდენტური მოძრაობა პოლიტიკასთან ერთად მწერლობაშიც იჭრება და ნელა-ნელა ფეხს იკიდებს. თავდაპირველად იგი იატაკქვეშ არსებობს, აკრძალულ ლიტერატურას მიეკუთვნება, ჩუმად ავრცელებენ გამბედავი ადამიანები. მაგრამ დროთა განმავლობაში ძლიერდება და დღის სინათლეზე ამოდის.

1990იანი წლების დასაწყისი ქართულ ლიტერატურაში სრული ანარქიის პერიოდია. არეულობა ქვეყნის სზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებისა მის მწერლობაზეც აისახება. ესაა, ერთი მხრივ, ზოგიერთი დიდი და მნიშვნელოვანი მწერლისა და ნაწარმოების გამობრწყინების, ხოლო მეორე მხრივ, მრავალი საეჭვო ლიტერატურული გემოვნების მწერლუკანას აღმოცენების ხანა. 1990იანების მკითხველის საბჭოთა ჩარჩოებიდან გათავისუფლებული გონება ხარბად ეტანება ნებისმიერ ნაბეჭდ სიტყვას, ამიტომ კარგად იყიდება ახლადდამკვიდრებული ფერადკანიანი “შედევრები”, მშრალ ხიდზე კი მშიერი პროფესორები ამაოდ ელიან თავიანთი ყდაშემოცვეთილი მსოფლიო კლასიკოსების მყიდველს. ამ პერიოდის ახლადგამოსულ წიგნებში ჭარბობს დეტექტივები და სასიყვარულო რომანები, რასაც სულმოუთქმელად ეწაფებიან ქალები და მოსწავლე-ახალგაზრდობა. მამაკაცები ამ დროს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში იბრძვიან, ამიტომ არავინ ფიქრობს მათი სულიერი შიმშილის დასაოკებლად შესაბამისი ნაწარმოებების შექმნის შესახებ.

XXI საუკუნეში მწერლობა საქართველოში უკიდურესად კომერციული და ინდივიდუალისტური ხდება. მწერალთა კავშირი, როგორც ძველი ეპოქის გადმონაშთი, ფაქტიურად უქმდება და მის ადგილს იმკვიდრებენ თვითმყოფადი, დამოუკიდებელი მწერლები ან მათი ორდენები. ესაა გარკვეულწილად დაბრუნება იმ წერტილთან, სადაც ლიტერატურის განვითარება შეაჩერა წითელი რუსეთის გავლენის დამყარებამ სქართველოში. XXI საუკუნის ქართულ მწერლობაში წარმოუდგენლად თამამი და კონტრასტული იდეების, რითმების, ფორმების მხატვრული სახეების ნაზავია. ერთმანეთს ეჯახება კონსერვატიული და პროგრესული ფრთები და “მამათა და შვილთა ბრძოლა” ახალი ფორმებითა და შემართებით იჩენს თავს. XXI საუკუნე ამხობს ტრადიციულ შეხედულებებს ღმერთის, სამშობლოს, სიყვარულის შესახებ და აღმართევს ლუციფერის, ამაყი მეამბოხის ძლიერ ხატს.
ესაა ახალი – ელექტრონული მწერლობის დამკვიდრების ხანა. ლიტერატურული სალონების ადგილს ინტერნეტ-პორტალები იკავებს, სადაც კომპიუტერთან მიჯაჭვული ადამიანები საკუთარი დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ. ახლადგამომცხვარი მწერლები შემოქმედების თემად ადამიანის შინაგან სამყაროს ირჩევენ, უფრო კონკრეტულად – ესაა მიტოვებული, აბორტგაკეთებული ქალების, არასრულყოფილების კომპლექსით ან სინდისის ქენჯნით შეპყრობილი მამაკაცების განცდები, ისტერიები გასრესილ ტარაკანებზე და ჭანჭიკგამომძვრალ ველოსიპედებზე. მოდიდან არ გადადის სასიყვარულო და პატრიოტული თემებიც, მწერლობა ხელმისაწვდომი ხდება ძალზე ფართო ფენებისათვის, ნაწარმოების გამოქვეყნება კი მხოლოდ დასტამბულ წიგნთან აღარ ასოცირდება, ჩნდება მათი ელექტრონული ვარიანტებიც. ლიტერატურული სიახლენი სწრაფად ვრცელდება და წესიერად დამკვიდრებასაც ვერ ასწრებს, რომ მათ მაგივრად წარმოიშობა ახალი.

XXI საუკუნის პოეტი გამოირჩევა აზროვნებისა და ფორმების სითამამით, ამსხვრევს ტრადიციულ შემოქმედებით ჩარჩოებს და ქმნის საკუთარს. მისი ფანტაზიები იჭრება სხვა განზომილებაში და ხშირად გაუგებარი რჩება დაკანონებულ საზომებს შეჩვეული საშუალო სტატისტიკური მკითხველისათვის.

როგორც დავინახეთ, ქართული მწერლობის თემატიკა დროთა განმავლობაში იცვლებოდა მაღალი იდეალებიდან ადამიანის შინაგან სამყარომდე, განცდებამდე და პრივილებირებული წოდებიდან პოპულარული და ხელმისაწვდომი გახდა უბრალო ხალხისათვის, საშუალო სტატისტიკური ადამიანისათვის – როგორც წერისა და გამოქვეყნების, ასევე წაკითხვის თვალსაზრისით.

საით წავა და როგორ განვითარდება ქარული ლიტერატურა, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ იგი მსოფლიო მწერლობის ორგანული ნაწილია, გარკვეულწილად განიცდის მის გავლენას და ამავდროულად ქმნის თვითმყოფად მიმართულებებს.

მაღალი ტექნოლოგიების საუკუნეში მოსალოდნელია მხატვრული ლიტერატურის და, ზოგადად, წიგნის როლის შემცირება – ინტერნეტისა და ელექტრონული რესურსების ზრდის ხარჯზე. ანუ მწერლობა გახდება კიდევ უფრო სახალხო და ხელმისაწვდომი და პროექტი, დრამატურგის შემოქმედება გაიზრდება კილო- და მეგაბაიტებით. ეს კი მოიტანს უფრო მასაზე გათვლილ ნაწარმოებებს, რაც ყოველთვის არ შეიძლება ნიშნავდეს ღირებულს. ოციოდე წლის შემდეგ ნუ გაგიკვირდებათ, თუკი მწერლობა გასცდება ადამიანურ ჩარჩოებს და ახლადგამომცხვარი წიგნების მაღაზიები შემოგვთავაზებენ მაიმუნების, ძაღლების, კატების (ჯერჯერობით მხოლოდ შინაური ცხოველების) მიერ შეთხზულ ნაწარმოებებს. მით უმეტეს, რომ მსოფლიოში ცხოველთა მხატვრული შემოქმედება საკმაოდ ძვირად ფასობს – ავსტრალიელი მაიმუნი კოკოს მიერ შექმნილი ტილოები ფიროსმანის ნახატებზე მეტი ღირს. ასე რომ, დროის დაუკარგავად შეიძინეთ შინაური ცხოველები და აქედანვე ასწავლეთ ლიტერატურის ლაბირინთებში გზის გაკვლევა – რა იცით, რა შედევრს შექმნის რამენიმე წლის შემდეგ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s