ზოგიერთი რამ


საქართველოს 1930იანი წლების მწერლობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბევრს საუბრობდნენ თვითკრიტიკაზე და პარტიული “ხელშეწყობით” “წახალისებულები” ავადმყოფური მოთმინებით შეუდგნენ საკუთარი თაის გაკიცხვასა და განადგურებას. “თვითკრიტიკამ” მწვავე და მასშტაბური ხასიათი მიიღო, თვითუარყოფაში, საკუთარ წარსულზე, ქმედებებზე, წინაპრებზე უარის თქმაში გადაიზარდა და მეტად მახინჯ ფორმებად ჩამოყალიბდა. სედეგად, “თვითკრიტიკის” ზემძლავრმა ტალღამ დაუნანებლად გაანადგურა წარსულის ყოველგვარი “გადმონაშთი” და საკუთარ ნანგრევებში პროგრესის ახლადამოწვერილი ნერგებიც მოიყოლა. თან ჩაიტანა უამრავი ადამიანის დამსხვრეული ცხოვრება და ოცნებები და კარი დაუხში სიახლეებისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვას.

“თვითკრიტიკა” პოპულარულ ტერმინად იქცა და საბჭოთა სინამდვილესთან ასოცირდა. დროთა განმავლობაში, ამ ცნებაზე გაუკუღმართებულმა წარმოდგენამ დააკნინა თვითკრიტიკის მნიშვნელობა, გზა გაუხხსნა თვითტკბობასა და ანპარტავნებას, თვითკმაყოფილება განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა შემოქმდებით სფეროში. კრიტიკისადმი მტრული დამოკიდებულება გახდა შემოქმედებითი სტაგნაციისა და დეგრადაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. ნებისმიერი ალტერნატიული აზრი ცუდ განზრახვად ჩაითვალა, მისი გამომხატავი კი – ავისმსურველად.

სინამდვილეში კი კრიტიკა და თვითკრიტიკა – პასუხისმგებლობის ინდიკატორებია. აკრიტიკო – ნიშნავს ადამიანს უბიძგო წარმატებისაკენ, პროფესიული ზრდისაკენ. კრიტიკული დამოკიდებულება ნიშნავს აზროვნებას, წინსვლას, განვითარებას. კრიტიკა – შემოქმედებითი კატალიზატორია, რომელიც ამოძრავებს და მიმართულებას აძლევს შინაგან შთაგონებას, შემოქმედებით იმპულსებს. კრიტიკის გარეშე შემოქმედება – დამყაყებული ჭაობია, მაპარტავანი ხელოვანები კი არაფრით გამოირჩევიან ბაყაყებისგან, რომლებსაც საუკეთესო მომღერლობის ამბიცია გააჩნიათ.

კრიტიკა და შემოქმედება – კონკრეტულ შემთხვევაში მწერლობა რომ ავიღოთ, ურთიერთგანმავითარებლებია. მაღალხარისხიანი კრიტიკა ლიტერატურის სიდიადის მაჩვენებელია. პოპულარული სტერეოტიპი, რომ კრიტიკოსი არშემდგარი მწერალია, მცდარია და საზოგადოებამ უნდა დაივიწყოს. კრიტიკაც შემოქმედებითი პროცესია. კრიტიკული ნაწარმოების შექმნა არანაკლებ მტკივნეული მშობიარობაა, ვიდრე ახალი ლექსის ანდა რომანის დაწერა.

ლიტერატურულ პორტალებზე ნაწარმოებთა მრავლესობა პოეზიაზე მოდის. შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა პროზას და კიდევ უფრო ნაკლები – დრამატურგიას. ხელოვნება, მწერლობა დაყოფილია “პრესტიჟულ”, გნებავთ “პოპულარულ” და შედარებით “მდარემნიშვნელოვან” დარგებად. სამწუხაროდ, კრიტიკა ამ უკანასკნელს მიეკუთვნება. ლექსი შედარებით იოლი დასაწერია, ვიდრე თუნდაც მცირე ფორმატის კრიტიკული ნაწარმოები. ლექსის დაწერა მოითხოვს წერა-კითხვისა და პოეზიის უმარტივესი კანონების ცოდნას, მკითხველის იმ შინაგან მდგომარეობამდე მიყვანას, რასაც “მშვენეირების შეგრძნებას” უწოდებენ. კრიტიკოსისათვის, კარგი კრიტიკოსისათვის კი აუცილებელია ფართო განათლება თავის სფეროში, უზარმაზარი ინფორმაციის ფლობა და უდიდესი ტაქტი სათქმელის შნოიანად და ეფექტურად გადმოსაცემად. ითვლება, რომ პოეზია მოწოდებაა, რომელიც გულიდან, სულიდან, სიღრმიდან უნდა მოდიოდეს. ეს ის ნიჭია, რომელიც გეძლევა, მისი სწავლა არ შეიძლება. კრიტიკოსი კი გაწვრთნილიმ ჩარჩოებში მოაზროვნე “მაიმუნია”. რა თქმა უნდა, ეს ორივე სტერეოტიპი რეალობისაგან შორსაა. მწერლობის სწავლა ისევე შეიძლება, როგორც კრიტიკოსობისა, ეს უკანასკნელი კი ისეთივე ღრმა შემოქმედებითი პროცესია, როგორც პირველი.

თვითკრიტიკა – საკუთარი ნებითა და ძალისხმევით გადადგმული ნაბიჯებია ცეკვის სასწავლად. რაც მეტად და გულმოდგიმედ კეთდება ეს, მით უფრო დახვეწილი და ჰაეროვანი ხდება მოძრაობები.

კრიტიკა – ნიშნავს ეჭვის თვალით შეხედო ყველაფერს, რასაც დროის ბეჭედი არტყია, ხავსი გადააცალო შეუნჭმეველ ჩუქურთმებს და ყველას დასანახად ააელვარო კუთხეში მოკრძალებულად მიგდებული შედევრი. კრიტიკა – აზროვნებაა, აზროვნება – განვითარება, განვითარება – სიცოცხლე და სულის სიცხოველე. ბევრი კი ამ სიცოცხლეზე უარს ამბობს. რატომ?…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s