კომბლე, ჩურჩხელები, აიპადი და ბევრი სიამოვნება კახეთში


kaxetis mama

“კახეთის მამა”

თუ რამე ან ვინმე შეიძლება მოვიაზროთ კახეთის სიმბოლოდ, ეს მამაკაცი საუკეთესო კანდიდატია. :) როგორც კი დავინახე, მაშინვე ვიფიქრე, ხომ არ სჯობია ქართლის დედის ანალოგიურად სადმე, გამოსაჩენ ადგილას (თუნდაც კავკასიონზე) “კახეთის მამის” სიმბოლური ძეგლი დაიდგას მეთქი. სტუმარი რომ დაინახავს ქანდაკებას ცალ ხელში ჩურჩხელით და მეორეში აიპადით, მაშინვე მიხვდება, რომ უნიკალური ტრადიციების მქონე რეგიონში მოხვდა, რომელიც არც განვითარებაზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ამბობს უარს.  სწორედ ეს არის კახეთის განვითარების პროექტის მთავარი მიზანი, რომლის შესახებ ვწერდი პოსტში “სოფლის მაშენებლები”.

თუ გიყვართ ისტორია, მოგზაურობა, ლიტერატურა, ან უბრალოდ გინდათ თბილისიდან ერთი დღით გასვლა – კახეთი გელით! სულით, გულით, გაშლილი ხელებით, თავისი ძეგლებით, ულამაზესი ბუნებით – ეს ის ადგილია, შეგიძლიათ სრულფასოვნად დაისვენოთ და უზომოდ ისიამოვნოთ!

 რა დაგხვდებათ კახეთში?

პირველ რიგში, კარგი გზები. ისე ჩაღიღინდებით დანიშნულების ადგილამდე, რომ ვერც კი გაიგებთ! სადღაა ორმოები, გუბეები და ქვები! მგზავრობა უფრო იოლი და ხანმოკლეა, საათნახევარიც არ არის საჭირო თელავამდე მისაღწევად!

თელავში, ისევე როგორც სხვა ადგილებში, მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ აქ მოგზაურმა თავი კარგად იგრძნოს. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული რეაბლიტაციის პროექტის ფარგლებში უკვე აღდგენილია მთელი რიგი შენობები, ნაწილიც მალე დამთავრდება. და მაინც, საკმაოდ ბევრი ობიექტია, რომლის  განსხვავება 2 წლის წინანდელსა და ახლანდელ მდგომარეობას შორის თვალშისაცემია.

ნადიკვარის განახლებული პარკი ერთმნიშვნელოვნად, რევოლუციურადაა შეცვლილი. იგი არა მხოლოდ ახალი დიზაინით და სისუფთავით გამოირჩევა, არამედ ახალი შესაძლებლობებითაც: პირველ რიგში, რაც შესასვლელიდანვე თვალში მეცა, იყო პანდუსი – რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანსაც აძლევს საშუალებას, დაისვენოს და ინტეგრაცია მოახდინოს საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად.

pandusi

ნადიკვარის პარკი შესანიშნავი ადგილია სხვადასხვა სახის ღონისძიებების ღია ცის ქვეშ ჩასატარებლად. აი მაგალითად, NEWნადიმ ფესტივალი, რომელსაც თელავი რამდენიმე დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ფესტივალის შესახებ საუბრობს თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი:

ეს ღონისძიება არც პირველია და არც უკანასკნელი, რომელიც თელავში ტარდება. 7 ნოემბერს ერეკლეობას, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩავიდეს და შეუერთდეს მოზეიმე თელაველებს. ასევე, ინფორმაცია ახალი სპექტაკლების, ივენთების, ფესტივალების, კონცერტების შესახებ შეგიძლიათ ფეისბუქზეც მოიძიოთ ან, უშუალოდ ჩასვლის შემდეგ – ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში.  რას შეიძლება ელოდეთ?

პირველ რიგში, კახური ღვინის დაგემოვნებას :)

კახური ღვინო

კახური ღვინო

ჩურჩხელების რთველს, აქ პირდაპირ ხიდან შეგიძლიათ დაკრიფოთ ახლადამოვლებული ჩურჩხელა :)

თელავში ხეებზეც ჩურჩხელები ასხია :)

თელავში ხეებზეც ჩურჩხელები ასხია :)

- ცხვრებო, ცხვრებო, ვისი ხართო?

- ვისი ვართ და კომბლესიო.

შეიძლება სადმე კომბლესაც წააწყდეთ, დაკარგული ცხვრები უპოვია და სახლში მიერეკება :)

თექისგან, ძაფებისგან გაკეთებული ხელმარჯვე ქალების ნამუშევარია.

კომბლე

კომბლე

ბევრი ბუზი ბზუისო, ფუტკართან ყველა ტყუისო :) მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო კახური ფუტკარი. აბა რა გეგონათ? კახელებმაც იციან მეფუტკრეობა. თაფლი, ცვილი და სხვა პროდუქტები ან ნიუ-ნადიმის მსგავს ფესტივალებზე გამოაქვთ, ან ყიდიან. ნატურალური პროდუქტები კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ღირს კახეთში ჩასვლა. ეს ფუტკარიც სანთლისგან არის დამზადებული, როგორი ნამუშევარია?

ch3

ნადიკვარის სივრცე ღია ცის ქვეშ გამოფენების მოწყობის საშუალებას იძლევა. გინდა მიწაზე დაალაგე, გინდა ქარში ააფრიალე, თუ გინდა ხეზე ჩამოკიდე… მაინც ყველა მიწვდება და დაინახავს .

nadimi-1

ხვავი და ბარაქაა შემოდგომის კახეთში, და არაჩვეულებრივი ფერები.

ხვავი

ნიუ ნადიმ ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებებიდან კერამიკულ გამოფენას გამოვყოფდი. ფიქრის ხიდთან, როგორც თელაველები უწოდებენ, შემინული გალერეაა. აქ შეიძლებოდა ქართველი და უცხოელი ხელოვანების ნამუშევრების ნახვა. სამწუხაროდ, ექსპოზიცია დროებითი იყო, ფესტივალის დასრულებამდე გრძელდებოდა. მაგრამ რა იცით, იქნებ იქ თქვენი ჩასვლისას ახალი ღონისძიება გაიმართოს! (საიდუმლოდ გაგიმხელთ: დარბაზის განახლებაც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოხდა).

კერამიკის გამოფენა

კერამიკის გამოფენა

- ველოტური გინდათ? ჰა ბურთი და მოედანი. სპეციალურად გაკეთებული ველობილიკებზე გაიქროლებთ და გამოიქროლებთ!

ველო

თელავში რესტავრაციის შემდეგ სახლები საკმაოდ კარგად გამოიყურება. ქუჩები სუფთა და ლამაზია, სასიამოვნო სასეირნო. განახლებული სახლები ძველ დროს მოგაგონებს, როცა აივანზე გამოშლილ ბანოვანებს კავალრები ფაიტონიდან ბანტიანი გიტარით სერენადებს უმღეროდნენ. ქუჩებმა თავისებური ლაზათი და რომანტიკა შეიძინა.

quchebi

აღდგენილ ქუჩებზე გაკეთებულია სახლის ფასადები, ზოგიერთ მათგანს პროექტის ფარგლებში დააშენეს მანსარდები. ამგვარად გაიზარდა მათი ფართი და ბიზნეს-შესაძლებლობები. მფლობელებს გაუჩნდათ შანსი, გააკეთონ საოჯახო ტიპის სასტუმროები და გაზარდონ საკუთარი შემოსავალი. თუმცა, ეს დაკავშირებულია თანხებთან, რომელიც ხშირ შემთხვევაში ადგილობრივებს არ გააჩნიათ. ცოტა მათგანმა თუ იცის, რომ შესაძლებელია ბიზნეს-იდეების დაფინანსება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან. ისინი ასევე საუბრობენ რეაბილიტაციის დროს გაჩენილი პრობლემების შესახებ (დაზიანებული ელექტროგაყვანილობა, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, სხვადასხვა სახის ზარალი). თუმცა, იმასაც ამბობენ რომ ეს ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს და ანაზღაურდეს. ზოგს ახლადაკეთებულ ხის ჭიშკარს ძველი რკინის ჩამოვარდნილი კარი ურჩევია :) გემოვნების საკითხია. ჩემი აზრით კი ეს შესასვლელები ძალიან ლამაზია.

თელავის მკვიდრი ნათია ვახტანგიშვილი იმ სიძნელეებისა და შესაძლებლობების შესახებ საუბრობს, რომლებიც კახეთის განვითარების პროექტთან დაკავშირებით გაჩნდა.

ადგილობრივი მაცხოვრებლები, ისევე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ტურისტების გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობენ. მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა ეს ის საკითხია, რაზეც ყველა მხარე ერთსულოვნად თანხმდება: რეაბილიტაციის შემდეგ თელავში ვიზიტორებმა საგრძნობლად იმატეს. ჩამოდიან პოლონეთიდან, უკრაინიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან (ყოველწლიურად რამდენიმე ტურისტული ჯგუფი დამეგობრებული ქალაქი ლიბერახიდან სტუმრობს), ისრაელიდან და ასე შემდეგ; ასევე ვითარდება შიდა ტურიზმიც – ყოფილი სატახტო ქალაქი დასავლეთ საქართველოდან ექსკურსიებს მასპინძლობს.

თუმცა თელავში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ დასამთავრებელია. ზოგიერთი ობიექტის მშენებლობა შეჩერებულია, მაგალითად, ერეკლეს სახლმუზეუმის. აქ ექსპერტები მუშაობენ, მალე მისცემენ ერეკლეს პერიოდთან მიახლოებულ სახეს და გახსნიან. მოეწყობა ექსპონატების გამოფენა. წარმოიდგინეთ რა მაგარი იქნება, ერეკლესეულ ეზოში რომ შეგეძლება წამოკოტრიალება! შეხვალ სასახლეში, დაათვალიერებ შემორჩენილ სამეფო ნივთებს, გაეცნობი საქართველოს ისტორიას… სასიამოვო და სასარგებლო საქმები მშვენივრად შეუთავსდება ერთმანეთს, რას იტყვით?

ორიოდე სიტყვას თელავში სმა-ჭამის ობიექტების შესახებაც გეტყვით. არჩევანი დიდია, დაწყებული ბაზრიდან, სადაც ხილი და ნამდვილი კახური ჩურჩხელების ფართო ასორტიმენტი შეგიძლიათ ნახოთ, დამთავრებული კაფებით და რესტორნებით. ფოტოზე გამოსახული საკონდიტრო “მალინა” ერთ-ერთი მცირე საწარმოთაგანია, რომელიც რეაბილიტირებულ ქუჩაზე მსოფლიო ბანკის ფინანსური ხელშეწყობით ამუშავდა.

cafe

როგორც ხედავთ, კახეთში ნელა-ნელა ყველაფერი ეწყობა ტურისტული და ეკონომიკური განვითარებისათვის. ეს მხოლოდ უცხოელებისთვის არ არის. ყველას, მეც, თქვენც, თქვენს მეზობელს, თანაქალაქელს შეუძლია ჩავიდეს და იპოვოს საიტერესო ადგილები, იაფი ჰოსტელი, გასართობი, დასასვენებელი თუ საქეიფო ადგილი. ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთები, ღვინო, ჩურჩხელები, თუნდაც ქალაქის სიწყნარე, ან – დროდადრო – ხმაურიანი ივენთები ის საშუალებებია, რომლებმაც რეგიონი უნდა გამოაცოცხლოს და თქვენც დაგეხმაროთ დროის შინაარსიანად გატარებაში. წასვლის დაგემვას რა უნდა? ერთი დაწკაპუნება - გადადი კახეთის ტურისტულ გვერდზე ყველანაირ ინფორმაციას ნახავ – დაწყებული ტრანსპორტით, დამთავრებული ძეგლებით, სერვისებით და მარშრუტებით. ისღა დაგრჩენია ჩაალაგო ბარგი და საკუთარი თვალით ნახო განახლებული კახეთი. :)

kakheti

About these ads

5 thoughts on “კომბლე, ჩურჩხელები, აიპადი და ბევრი სიამოვნება კახეთში

  1. კარგი ფოტოებია! და პოსტიც კარგია, დადებითად და სამოგზაუროდ-კახეთში!! განვეწყვე :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s